„ქართუს“ წარმომადგენელი: წინა პერიოდის უმართავი ქალაქგეგმარების გამო მწვანე ზონებს პრობლემები გაუჩნდა

პუბლიკა

თბილისის მერია ფონდ „ქართუსთან“ ერთად იწყებს მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლადშაფტის სრულ აღდგენას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

პრეზენტაციაზე ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანმა განაცხადა, რომ იგეგმება „გიგანტური ტერიტორიის“ – 700 ჰექტრის ხელახალი გამწვანება და გაჯანსაღება „მოყოლებული სოლოლაკის ფერდობიდან, ეს ტერიტორია მოიცავს როგორც მთაწმინდის ქედს, ასევე ვერეს ქედს და კუსტბასაც კი“.

ჩხეტიანის განცხადებით, დაირგვება ახალი, უფრო გამძლე, ენდემური ჯიშის მცენარეები, რომელიც უფრო მედეგი იქნება კლიმატურ გამოწვევებთან. მისივე თქმით, მომავალში ნებისმიერ მოქალაქეს მიეცემა შესაძლებლიბა, რომ „დატკბეს ჩვენი დედაქალაქის ბუნებით“.

„ცალკე აღნიშვნის ღირსია, რაც ჩვენ განხორციელებული გვაქვს გარემოს დაცვის სფეროში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, განსაკუთრებულ ყურადღებას ჩვენ ყოველთვის ვაქცევდით დაცულ ტერიტორიებს, ეს იქნებოდა ვაშლივანი, ვაგოდეხი, თუშეთი თუ სხვა.

დღეს დადგა ჩვენი დედაქალაქის ჯერი. ყველანი ვხედავთ და ვთანხმდებით, რომ სერიოზული პრობლემები გაუჩნდა მწვანე ზონებს დედაქალაში. კლიმატური ცვლილებებისა და წინა პერიოდში არსებული უმართავი ქალაქგეგმარებითი პროცესების გამო სერიოზულ დეფორესტაციას აქვს ადგილი თბილისში. ეს მისახედი პრობლემაა და ჩვენ მზად ვართ, ჩვენი წვლილი შევიტანოთ ამ პრობლემის მოგვარებაში. თუმცა მისი მასშტაბი იმდენად დიდია, იმისთვის, რომ ქმედითი პასუხი გავცეთ ამ გამოწვევას, საჭიროა არის როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორის სინერგია და ერთობლივი ძალისხმევა“, – განაცხადა ჩხეტიანმა.


თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზენტაცია გამართა სადაც, განაცხადა, რომ თბილისის მერია ფონდ „ქართუსთან“ ერთად იწყებს მთაწმინდის ფერდობის აღდგენის პროექტს, რომელიც მთაწმინდის ფერდის ტყის ლადშაფტის სრულ აღდგენას და რეაბილიტაციას ითვალისწინებს. დაახლოებით საუბარია 700 ჰექტარზე და პროექტისთვის ფონდი „ქართუ“ 16 მილიონს ხარჯავს.