ქართველ ხალხს კარგად ესმის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ფასი - ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და კიდევ ერთხელ გამოხატავს შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ქვეყნის მისწრაფებების მიმართ, რომ შექმნას ევროპული დემოკრატია. ბლინკენის მიმართვას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

„ქართველ ხალხს კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ფასი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე გადაწყვეტილება, განაგრძოს ევროატლანტიკური მომავლისკენ სწრაფვა.

ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას, წინ წაიწიოს დემოკრატიული განვითარების კუთხით, ებრძოლოს კორუფციას, გააძლიეროს კანონის უზენაესობა, მოახდინოს ეკონომიკის დივერსიფიკაცია და ააშენოს უკეთესი მომავალი. ჩვენი ქვეყნები ერთად მოშაობდნენ, რომ მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს, ქართველებისთვის ყველგან აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, წარმატებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე ძალიან იმსახურებენ“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის მიმართვაში.

26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ბლინკენის გარდა ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა ქვეყნის ლიდერმა და საელჩომ, ასევე რომის პაპმა და გაერთიანებული სამეფოს მეფემ მიულოცა.