ქართველი დიპლომატი ამბობს, რომ საელჩოდან civil.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების გამო გაათავისუფლეს

პუბლიკა

ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომელი, გიორგი ფანიაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრსა და ბრიტანეთში საქართველოს ელჩს, სოფიო ქაცარავას განსხვავებული აზრის გამო დევნაში ადანაშაულებს.

მისი თქმით, ის civil.ge-ზე გამოქვეყნებული სტატიების გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან, თუმცა ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაცია დასახელდა.

ფანიაშვილის თქმით, პირველი წერილი civil.ge-ზე მან შარშან, აგვისტოში გამოაქვეყნა. წერილი ომის წლისთავს ეხებოდა. ამის შემდეგ მან ელჩისგან მიიღო პირველი სიტყვიერი გაფრთხილება და „რბილი მუქარა“, რომ შეექმნებოდა სამსახურებრივი პრობლემები.

ის ამბობს, რომ ამის შემდეგაც გააგრძელა წერილების გამოქვეყნება საინფორმაციო პორტალზე და მისი პუბლიკაციები, ძირითადად, ეხებოდა საგარეო პოლიტიკის პრობლემატიკას და ბრიტანეთის ცხოვრებას.

„ამის შემდეგ, გვიან შემოდგომაზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ჩემ წინააღმდეგ, თუმცა ეს მოკვლევა დასრულდა არაფრით. დისციპლინურმა სამსახურმა მითხრა, რომ ჩემი საწინააღმდეგო ვერაფერი ნახეს და შესაბამისად, ვერ გამათავისუფლებდნენ ამ მიზეზით.“ – განუცხადა „პუბლიკას“ გიორგი ფანიაშვილმა. ფანიაშვილი ამბობს, რომ ამის შემდეგ გამოცხადდა რეორგანიზაცია და დღეს მიიღო ცნობა გათავისუფლების შესახებ, სადაც ოფიციალურ მიზეზად რეორგანიზაციაა დასახელებული.

ის ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სამსახურებრივი გულგრილობისთვის დისციპლინური წარმოების საფუძველი ბრიტანეთში საქართველოს ელჩის, სოფიო ქაცარავას წერილი გახდა, რომელიც მან საგარეო საქმეთა მინისტრს მისწერა. მინისტრმა კი ამ წერილის საფუძველზე დისციპლინური მოკვლევის ბრძანება გამოსცა.

„პუბლიკა“ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განგვიცხადეს, რომ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩევლის, გიორგი ფანიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაცია, თითქოსდა უწყების მხრიდან სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის საბაბით გათავისუფლდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

  • „გიორგი ფანიაშვილს შეეხო საგარეო საქმეთა სამინისტროში 2020 წლის დეკემბერში გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომლის თანახმადაც, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მოხდა საკადრო ერთეულების ოპტიმიზაცია, რომლის თანახმადაც, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საელჩოში ის დიპლომატიური პოზიცია, რომელიც ეკავა გიორგი ფანიაშვილს  გაუქმდა. აღსანიშნავია, რომ რეორგანიზაციის შედეგად, ასევე, გაუქმდა საზღვარგარეთ საქართველოს სხვა დიპლომატიურ მისიებში, საერთო ჯამში, 9 თანამდებობა.

  • რეორგანიზაციის  შესახებ, გიორგი ფანიაშვილის ეცნობა ერთი თვით ადრე, ხოლო „პროფესიული მოხელის მობილობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის 199 დადგენილების შესაბამისად, მისთვის შეთავაზებულ იქნა სისტემაში (კერძოდ, დიპლომატიურ მისიებში) ორი ალტერნატიული თანამდებობის დაკავება, რაზეც გიორგი ფანიაშვილმა უარი განაცხადა .

  • რაც შეეხება  სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უწყების მისამართით თანამშრომლის უსაფუძვლო ბრალდებას, აღსანიშნავია, რომ გიორგი ფანიაშვილი რეგულარულად თანამშრომლობს სხვადასხვა ონლაინ-საინფორმაციო საშუალებებთან და რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე, რა დროსაც მას არ ჰქონია წინააღმდეგობა უწყების მხრიდან. შესაბამისად ფაქტები ცხადყოფს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პატივს სცემს და იცავს უწყების ყველა თანამშრომლის გამოხატვის და სიტყვის თავისუფლებას პროფესიული საქმიანობის წესების დაცვის ფარგლებში.“ – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„პუბლიკა“ ასევე დაუკავშირდა სოფიო ქაცარავას. ბრიტანეთში საქართველოს ელჩს სოციალურ ქსელში მივწერეთ და განმარტება ვთხოვეთ, თუმცა მან ჩვენს გზავნილებს არ უპასუხა.

Civil.ge-ზე გიორგი ფანიაშვილის ავტორობით 10-მდე პუბლიკაცია იძებნება.