2022-2023 წლის სეზონი წარმატებული იყო ქართველი ფეხბურთელებისთვის, მსოფლიო ასპარეზზე.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები სამშობლოში ჩემპიონების ტიტულით და ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. იტალიასა და საფრანგეთში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებად სწორედ ქართველი ფეხბურთელები დაასახელეს.
„საუკეთესო საუკეთესოთა შორის“ – იტალიის ჩემპიონი „კვარადონა“
გამორჩეული სეზონი ჰქონდა იტალიაში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ 22 წლის თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას. მნიშვნელოვანი ტიტულები და აღიარება მან „ნაპოლიში“ პირველივე სეზონში მოიპოვა. სწორედ ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ გახდა იტალიის ჩემპიონი, თავად კი სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. „საუკეთესო საუკეთესოთა შორის“ – ასე უწოდეს ხვიჩას იტალიაში.
ხვიჩა კვარაცხელია გახდა, ასევე, სერია A-ს საუკეთესო მეპასე. „ნაპოლის“ თავდამსხმელი სამჯერ გახდა „მატჩის საუკეთესო მოთამაშე“ და, რაც მთავარია, მთავარი ტიტულიც „კვარადონა“, როგორც ნეაპოლელებმა (და არამხოლოდ მათ) შეარქვეს, ერთ წელში მოიპოვა.
ხვიჩა კვარაცხელიას სერია A-ში 12 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს, ჩემპიონთა ლიგაზე კი – 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.
აღიარება საფრანგეთში – გიორგი მიქაუტაძე
საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელსაც წარმატებული საკლუბო სეზონი ჰქონდა საფრანგეთში, საფეხბურთო კლუბ „მეცის“თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძეა.
ის საფრანგეთის ლიგა 2-ის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი ლიგა 2-ის წლის სიმბოლურ ნაკრებშიც დაასახელეს.
ამავე დაჯილდოებაზე, ლიგა 1-ის საუკეთესო მოთამაშედ „პარი სენ-ჟერმენისა“ და საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი კილიან მბაპე დასახელდა.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში 23 გოლი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.
კანკავა, ჩაკვეტაძე, კაშია – სლოვაკეთის ჩემპიონები
წელს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: გურამ კაშია, ჯაბა კანკავა და გიორგი ჩაკვეტაძე ბრატისლავის „სლოვანთან“ ერთად სლოვაკეთის ჩემპიონები გახდნენ.
„ქართულმა ტრიომ” გამარჯვება კლუბში ერთად პირველად იზეიმა. კაშია და კანკავა სლოვაკეთის ჩემპიონები ზედიზედ მეორედ გახდნენ. ჩაკვეტაძისთვის კი ეს ტიტული პირველია. კლუბს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმერ ვაისი ჰყავს, რომელმაც თავის კლუბს ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ჩემპიონატი ზედიზედ მესამედ მოაგებინა.
„ჩემპიონები საქართველოდან“
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, გრაცის „შტურმის“ ქართველი ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის თასის გამარჯვებული გახდა.
წარმატებული სეზონი ჰქონდა ნაკრების მცველს, დავით ხოჭოლავას დანიაში. ხოჭოლავას „კოპენჰაგენი“ ზედიზედ მეორედ გახდა დანიის ჩემპიონი, თავად ხოჭოლავა დანიიდან სამშობლოში ოქროს მედლით დაბრუნდა.
ხოჭოლავა საფეხბურთო კლუბ „კოპენჰაგენში“ 2021 წელს კლუბ „შახტარიდან“ გადავიდა და ამ სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა.
კიდევ ერთი ჩემპიონი საქართველოდან ფეხბურთელი გიორგი გოჩოლეიშვილია. ის დონეცკის „შახტარის“ ფეხბურთელია. გოჩოლეიშვილის კლუბი უკრაინის ჩემპიონი ისტორიაში მეთხუთმეტედ გახდა.
საქართველოს ამ სეზონზე ჩემპიონი ჰყავს ირანშიც, სადაც ეს ტიტული ქართველმა მცველმა გიორგი გველესიანმა მოიპოვა. გველესიანი საფეხბურთო კლუბ „პერსეპოლისს“ გასულ ზაფხულს შეუერთდა და 28 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ის კლუბის საუკეთესო გოლეადორთა შორის სეზონში მეორე ადგილზე გავიდა.
გველესიანი საქართველოში „დინამო თბილისში“ თამაშობდა. საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში მას არასდროს უთამაშია.
საქართველოს ეროვნული ნაკრების 21 წლის ფეხბურთელი, ირაკლი აზაროვი კი სერბეთის ჩემპიონი გახდა. ის საფეხბურთო კლუბ „ცრვენა ზვეზდას“ ფეხბურთელია. აზაროვმა კლუბში 13 მატჩი ჩაატარა.
ოქროს მედალი 24 წლის ქართველმა მეკარე ლუკა გუგეშაშვილმაც მიიღო. მან ჩემპიონობა აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბ „ყარაბაღთან“ ერთად მოიპოვა.
გამორჩეულ სეზონს ატარებს ესპანეთში 22 წლის ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილიც. ის ესპანური საფეხბურთო კლუბის „ვალენსიას“ კარს იცავს. მამარდაშვილმა საფეხბურთო კლუბ „რეალ მადრიდთან” ბოლო შეხვედრაში არაერთი მნიშვნელოვანი სეივი მიითვალა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა.
2022-2023 გამორჩეული სეზონი აღმოჩნდა ქართველი ფეხბურთელებისთვის, „გამარჯვებულია საქართველოდან“, „საუკეთესოა საქართველოდან“ – ეს ამ სეზონზე მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში თქვეს.