ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც წარმატებას ევროპულ კლუბებში თამაშით მიაღწიეს

პუბლიკა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ისტორიაში პირველად ითამაშა დიდ საფეხბურთო ტურნირზე.

პირველად მოხდა ისიც, რომ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში არ იყო ფეხბურთელი, რომელიც რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს.

ეს მას შემდეგ მოხდა, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ UEFA-მ ამ ქვეყნებში მოთამაშე ფეხბურთელებს კონტრაქტის ცალმხრივად გაწყვეტის უფლება მისცა.

ამ შესაძლებლობით იმ ქართველმა ფეხბურთელებმაც ისარგებლეს, ვინც იმ დროისთვის რუსეთის პრემიერლიგაში თამაშობდნენ. ამ გადაწყვეტილებას დადებითი გავლენა ჰქონდა, როგორც მათ საფეხბურთო კარიერაზე, ასევე საქართველოს ნაკრების წარმატებაზე.

მსოფლიო საკლუბო ფეხბურთში ყველაზე კონკურენტულ, წარმატებულ და ძლიერ ეროვნულ ჩემპიონატებად ე.წ. TOP 5 ევროპული ლიგა (ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ინგლისი, იტალია) ითვლება.

ხვიჩა კვარაცხელია

ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მალევე კარიერა ევროპაში გააგრძელა ხვიჩა კვარაცხელიაა.

მან ყაზანის „რუბინის“ დატოვების შემდეგ, რამდენიმე თვე სამშობლოში, ბათუმის „დინამოში“ გაატარა, ამის შემდეგ კი კარიერა იტალიურ „ნაპოლიში“ გააგრძელა.

გასული ორი სეზონის განმავლობაში მის ანგარიშზე 88 შეხვედრა, 25 გოლი და 26 საგოლე პასია.

ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიში“ გადასვლის შემდეგ იტალიის ჩემპიონი, იტალიის Serie A-ს საუკეთესო ფეხბურთელი და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა.

გარდა ამისა, ის 2023 წლის ოქროს ბურთის ნომინაციაში მე-17 ადგილზე გავიდა.

რუსეთის დატოვებისას, მისი სატრანსფერო ღირებულება 16 მილიონ ევროს შეადგენდა, დღეს კი ის 80 მილიონ ევროდაა შეფასებული და ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ვარსკვლავად მიიჩნევა.

ზურიკო დავითაშვილი

კიდევ ერთი ფეხბურთელი, ვინც წარმატებას ევროპულ კლუბში მოხვედრით მიაღწია, ზურიკო დავითაშვილია.

მანაც, ხვიჩა კვარაცხელიას მსგავსად, რუსეთი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დატოვა, მცირე პერიოდი ბათუმის „დინამოში“ გაატარა და კარიერა ფრანგულ „ბორდოში“ გააგრძელა, სადაც 71 შეხვედრაში 17 საგოლე მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა.

ახლა ზურიკო დავითაშვილი ფრანგული ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის, სენტ-ეტიენის ფეხბურთელია და მის სანაცვლოდ „ბორდომ“ 6 მილიონი ევრო მიიღო.

გიორგი მამარდაშვილი

ესპანური ლა ლიგის კლუბ „ვალენსიაში“ წარმატებული თამაშით გაიცნო ფეხბურთის გულშემატკივარმა საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი.

ის „ვალენსიაში“ თბილისის „ლოკომოტივიდან“ 2021 წელს იჯარის წესით გადავიდა, მოგვიანებით, ესპანურმა კლუბმა მისი კონტაქტის გამოსასყიდად, 1 მილიონი ევრო გადაიხადა.

„ვალენსიაში“ გატარებული 3 სეზონის შემდეგ, 23 წლის მეკარე 45 მილიონ ევროდაა შეფასებული და მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული მეკარეა.

ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ეროვნული ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ „შტურმში” 2018 წელს 760 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა, დღეს მისი გამოსასყიდი ღირებულება დაახლოებით 5 000 000 ევროს შეადგენს.

ავსტრიულ კლუბში გადასვლის შემდეგ, მან 40 გოლი და 33 საგოლე გადაცემა შეასრულა, გახდა ავსტრიის ჩემპიონი, მოიგო ქვეყნის თასი ორჯერ და გასულ სეზონში ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

გიორგი მიქაუტაძე

კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატიდან ერთ-ერთში, საფრანგეთის ლიგა 1-ში თამაშობს გიორგი მიქაუტაძეა.

23 წლის თავდამსხმელი, საფრანგეთის ქალაქ ლიონში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და საფეხბურთო კარიერაც სწორედ ამ ქალაქის საფეხბურთო კლუბში დაიწყო.

სხვადასხვა დროს თამაშობდა,  ბელგიურ „სერენში“, ამსტერდამის „აიაქსში“ და ფრანგულ „მეცში“.

გიორგი მიქაუტაძე საქართველოსთვის სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ტურნირის თანაბომბარდირი და ოქროს ბუცის მფლობელი გახდა.

ტურნირის დასრულების შემდეგ ბავშვობის კლუბში, „ლიონში“ დაბრუნდა 18.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რაც ყველაზე ძვირი თანხაა, რაც ოდესმე ქართველ ფეხბურთელში გადაუხდიათ.

ჯამში, საქართველოს ეროვნული ნაკრების 26 ფეხბურთელიდან 22 ევროპულ კლუბში თამაშობს.