აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი, როგორც თავად აცხადებს, შოკირებულია პროპორციული საარჩევნო სისტემის პროექტის ჩაგდებით. „ვიმედოვნებ, ეს ვითარება გამოსწორდება, თანაც რაც შეიძლება მალე“, – წერს კონგრესმენი.
კინზინგერის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ რეფორმის გატარებას დაჰპირდა საერთაშორისო საზოგადოებას და, რაც მთავარია, ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი კი იმსახურებს იმაზე მეტს, ვიდრე ამას დღევანდელი პარლამენტი სთავაზობს.
„როდესაც ამ რეგიონს ვუყურებთ, მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი წარუმატებელი ქვეყანაა, რეპრესიული მმართველობის სისტემის გამო. საქართველო არ არის რუსეთი. ქართველი ხალხი მოითხოვს და იმსახურებს გაცილებით მეტს, ვიდრე იმას, რაც დღეს მათ პარლამენტმა უჩვენა.
როგორც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გააგრძელონ მოლაპარაკებები და გაიტანონ რეფორმათა ეს პაკეტი. ქართველებს სურთ სახალხო ხელისუფლება. მათ სურთ ხელისუფლება, რომელიც უფრო ახლოს არის დასავლეთთან და სურს მიიჩნევდნენ NATO-ს მოკავშირედ.
ამ საკონსტიტუციო შესწორების ჩაგდება ვლადიმერ პუტინისთვის მირთმეული საჩუქარი იქნება. ის გაანადგურებს იმ პროგრესს, რომელსაც საქართველომ მიაღწია, რომ სრულყოფილი გაეხადა დამოუკიდებლობა და გამოცალკევებულიყო რუსეთისნაირი აგრესიული მეზობლისგან“, – ნათქვამია კინზინგერის განცხადებაში.