ქართველი ხალხი პირველი კონსტიტუციის ღირებულებების ირგვლივ უნდა გაერთიანდეს - აშშ-ის საელჩო კონსტიტუციის 100 წლისთავზე

პუბლიკა

აშშ-ის საელჩო საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღების დღეს ულოცავს. საელჩოს განცხადებით, პირველი კონსტიტუცია მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო დასავლეთის დემოკრატიული ქვეყნების საზოგადოებაში გაწევრებისკენ.

თუმცა, საელჩოს განცხადებით, დემოკრატიის განვითარება მუდმივი პროცესია, ამას აჩვენებს შეერთებული შტატების ბოლო დროინდელი გამოწვევებიც. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი პირველი კონსტიტუციით განმტკიცებული ღირებულებების ირგვლივ ახლაც გაერთიანდეს. პარტიის ლიდერებმა უნდა გადადგან ნაბიჯები პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, მშვიდობიანად იმუშაონ დემოკრატიულ ინსტიტუტებში და შეინარჩუნონ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.

„თქვენ, მართლაც, უნდა იამაყოთ ამ კონსტიტუციით, რომელიც მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული იყო იმ დროისთვის, როდესაც ის იქმნებოდა. იგი აღიარებდა სახელმწიფოს თავისუფლებასა და განუყოფლობას, იცავდა ძირითად სამოქალაქო და ადამიანის უფლებებს და ადგენდა ყველა ადამიანის თანასწორობას კანონის წინაშე.

იგი ითვალისწინებდა გენდერულ თანასწორობას, იცავდა უმცირესობებს, უზრუნველყოფდა რწმენის, გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებას.

სამწუხაროდ, რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შედეგად, ქართველმა ხალხმა დაკარგა ამ თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობა მომდევნო 70 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მიუხედავად ამისა, საქართველოს პირველ კონსტიტუციაში გამოხატული ღირებულებები ისეთივე მნიშვნელოვანია 2021 წელს, როგორც – 1921 წელს და ამ ღირებულებებს აფასებს და იზიარებს ამერიკელი და ქართველი ხალხი“, – წერს ამერიკის საელჩო.

საელჩოს განცხადებით, საქართველოს, როგორც 100 წლის წინ, ახლაც ჰყავს მტრები. სწორედ ამიტომ, საჭიროა დემოკრატიული ღირებულებების ერთგულება და უფრო სრულყოფილი სახელმწიფოს შექმნისკენ მუდმივი სწრაფვა.

„ზუსტად ისე, როგორც 1921 წელს, არსებობენ ისინი, ვისაც სურთ საქართველო ამ ძალისხმევის წინაშე დამარცხებული იხილონ, ვინც საქართველოს დემოკრატიის წარმატებას საფრთხედ აღიქვამს.

ქართველმა ხალხმა ძალიან დიდი შრომა გასწია ქვეყანაში პირველი დემოკრატიის დასამყარებლად, ბევრი იბრძოლა მის დასაბრუნებლად 30 წლის წინ და უამრავი სისხლი, ოფლი და ცრემლი დაღვარა მის აღსადგენად.

დემოკრატიისთვის შრომა რთულია და ის არასოდეს მთავრდება, სწორედ ამიტომ, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით დგომასა და მხარდაჭერას ამ მნიშვნელოვან ძალისხმევაში ერთად წინსვლისთვის.

თქვენ უნდა იამაყოთ ამ დღით და ყველაფრით, რაც ქართველმა ხალხმა შექმნა ბოლო 100 წლის განმავლობაში.

მოგიწოდებთ, გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა და განაახლოთ ერთგულება უფრო სრულყოფილი დემოკრატიის მშენებლობის მიმართ, თქვენი თითოეული თანამოქალაქის სახელით. გილოცავთ, კიდევ ერთხელ, ამ მნიშვნელოვან იუბილეს“, – ნათქვამია საელჩოს განცადებაში.