„ქართველი ხალხის აქტს“ 10 ახალი მხარდამჭერი სენატორი დაემატება

პუბლიკა

აშშ-ის სენტატში ორპარტიულ კანონპროექტს, სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი”, ნოემბრიდან კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები.

კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. „ქართველი ხალხის აქტი“ შეეხება სანქციებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას.

ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინსვლას ხელს უშლიან.

შაჰინის კანონპროექტი შექმნის ჩარჩოს, რათა პასუხი აგონ იმ პირებმა, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე, ადამიანის უფლებების დარღვევასა და „უცხოეთის აგენტების შესახებ კანონის“ დაწინაურებაზე ან მისი მიღების ხელშეწყობაზე.

ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს შეერთებული შტატების გრძელვადიან მხარდაჭერას ქართველი ხალხისადმი, „რომლის აბსოლუტური უმრავლესობაც მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მომავალს“.

გარდა ამისა, 2024 წლის 17 ივლისს ჯინ შაჰინმა „ქართველი ხალხის აქტი“ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის კანონპროექტში შესწორებების სახით წარადგინა, რომლის თანახმადაც:

„ამ აქტის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 120 დღისა, თავდაცვის მდივანი ჩაატარებს განხილვას, რათა დაადგინოს, უნდა გააგრძელოს თუ არა თავდაცვის დეპარტამენტმა საქართველოსთან უსაფრთხოების თანამშრომლობის, გემების ვიზიტებისა და ერთობლივი სამხედრო წვრთნების მხარდაჭერა. ასეთი განხილვა უნდა მოიცავდეს იმის შეფასებას, არის თუ არა საქართველოს მთავრობა საკმარისად ერთგული, დაიცვას საერთო ღირებულებები და გააძლიეროს უსაფრთხოების საერთო ინტერესები, რომლებზეც ემყარება აშშ-საქართველოს ორმხრივი თავდაცვის ურთიერთობა”.