ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და დემოკრატიის განმტკიცებისკენ - აშშ-ის საელჩო

პუბლიკა

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩი საქართველოში 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ. განცხადებაში ასევე შეფასებულია საარჩევნო ცვლილებები, რომლის პირველი მოსმენით კენჭისყრა პარლამენტში 21 ივნისს უნდა გაიმართოს და აღნიშნულია, რომ გამოწვევებმა გააჩინა ისეთი შესაძლებლობები, როგორიც დემოკრატიზაციაა.

„20 ივნისს ერთი წელი შესრულდა, რაც რუსთაველის გამზირზე ათასობით ადამიანმა რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია გააპროტესტა. ვიხსენებთ რა ამ დღეს, როდესაც ასობით ადამიანი დაშავდა, ჩვენ ქართველი ხალხის გვერდით ვდგავართ და მხარს ვუჭერთ მათ მოწოდებას რუსეთის აგრესიის შეწყვეტისა და საქართველოს დემოკრატიის განმტკიცებისკენ.

გასული წელი საქართველოში გამოირჩეოდა გამოწვევებითა და გაურკვევლობით, დიალოგითა და კომპრომისით. მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო თვეებში მოსალოდნელია მეტი გამოწვევა, მათ შორის ერთ-ერთი ძირითადი გლობალური პანდემიაა, გაჩნდება შესაძლებლობებიც. შემდგომი დემოკრატიზაცია, მათ შორის საარჩევნო რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს მეტ პლურალიზმს პარლამენტში და წინსვლა ევროატლანტიკურ გზაზე კვლავაც რჩება საუკეთესო საშუალებად რუსული აგრესიისგან საქართველოს დასაცავად.

ვიხსენებთ რა ერთი წლის წინანდელ მოვლენებს, ვუერთდებით ჩვენს ქართველ მეგობრებსა და პარტნიორებს საქართველოს უწყვეტი დემოკრატიული განვითარების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერაში”, – წერია განცხადებაში.