„ქართველი ხალხის მიმართვა ევროკავშირს" - მოქალაქეები პეტიციას უერთდებიან

პუბლიკა

„ქართველი ხალხის მიმართვა ევროკავშირს” – სოციალურ ქსელში მოქალაქეებისთვის ხელმოსაწერად ღიაა პეტიცია, სადაც ხელმომწერი ორგანიზაციები აფიქსირებენ პოზიციას, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ, როგორც ერთი მთლიანი განუყოფელი რეგიონი, რომელიც აწყდება საერთო პრობლემებს, როგორიცაა რუსული აგრესია, ოკუპაცია და ანექსია.

„ქართველი ხალხი სრულ სოლიდარობას უცხადებს უკრაინას დამოუკიდებლობისა და ევროპული ინტეგრაციისთვის ბრძოლაში. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ ევროკავშირმა და ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონის ტრიო – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა უნდა განიხილონ, როგორც ერთი მთლიანი განუყოფელი რეგიონი, რომელიც აწყდება საერთო პრობლემებს, როგორიცაა რუსული აგრესია, ოკუპაცია და ანექსია.

ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ევროკავშირი დადებითად უპასუხებს უკრაინის მოთხოვნას გაწევრიანების შესახებ და, მასთან ერთად, გაუხსნის კარებს საქართველოსა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივას”, – ნათქვამია ტექსტში.


პარტიებმა „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „რესპუბლიკელებმა“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ ევროპარლამენტის ფრაქცია „ალდეს“ ლიდერების სამიტზე, რომელზეც უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შემუშავდა, დააყენეს ინიციატივა, ევროკავშირში უკრაინასთან ერთად საქართველოსა და მოლდოვის გაწევრების განხილვა დაწყებულიყო.

პარლამენტში ბრიფინგი გამართეს ფრაქცია „რეფორმების ჯგუფის“ წარმომადგენლებმა და განაცხადეს, რომ სამი პარტიის ინიციატივა გაიზიარეს და ევროკავშირის დოკუმენტში გაჩნდა ჩანაწერი ევროკავშირში უკრაინასთან ერთად, საქართველოს და მოლდოვას დაჩქარებული წევრობის შესახებ.