ქართველი ქალი როგორც დედა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა, შვილების გამჩენი და აღმზრდელი - უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი

პუბლიკა

დღეს იუსტიციის საბჭოს წინაშე უზენაესის სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი, გოჩა აბუსერიძე და თამარ ოქროპირიძე წარდგნენ.

გოჩა აბუსერიძეს საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა, სხვა კითხვებთან ერთად, გენდერული საკითხების შესახებ ჰკითხა, კონკრეტულად, რას ნიშნავს მისთვის ტერმინი „ქართველი ქალი“, რაზეც აბუსერიძემ უპასუხა, რომ ქართველი ქალის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი არის, რომ ისაა დედა, შვილების გამჩენი.

გასაუბრების წერილობით ვერსიას „მინდა, ვენდო სასამართლოს!“ ავრცელებს.

ნაზი ჯანეზაშვილი:

არაერთ კვლევაში არის ხოლმე ასეთი შეკითხვა დასმული რომელიც გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით იკვლევს არსებულ პრობლემებს და გამოწვევებს ქვეყანაში თუ როგორია ქართველი ქალის ასე ვთქვათ დახასიათება. აი, რას ნიშნავს თქვენთვის ტერმინი „ქართველი ქალი“ და როგორ დაახასიათებდით მას? რა დატვირთვას ატარებს? აი, თქვენ როგორც ერთ-ერთ კანდიდატს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის, რომელსაც ასე ვთქვათ გარკვეული შეხედულებები აქვს და როგორც უკვე მივხვდი გამოცდილებაც ამ მიმართულებით, როგორ დაახასიათებდით.

გოჩა აბუსერიძე:

ქართველ ქალს როგორ დავახასიათებდი?

ნაზი ჯანეზაშვილი:

კი, ანუ რა მახასიათებლები უნდა ჰქონდეს? აი, შეიძლება გითხრათ, მაგ: ოჯახისთვის თავდადებული, ოჯახის ერთგული, ქმრის მორჩილი, კდემამოსილი, პატიოსანი, წესიერი, ტრადიციების მიმდევარი, კარგი დიასახლისი, სტუმართმოყვარე. რა გახსენდებათ? რას ნიშნავს ეს ეპითეტი? რა დატვირთვას ატარებს თქვენთვის? თუ ატარებს საერთოდ რაიმე დატვირთვას?

გოჩა აბუსერიძე:

დიახ, რა ვიცი… ქართველი ქალი როგორც დედა, ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ესაა, შვილების ასე ვთქვათ გამჩენი და აღმზრდელი, რა თქმა უნდა მამასთან ერთად, კარგი მეოჯახე, ნიშნავს იმას, რომ ოჯახის მოყვარული, მეუღლის მოყვარული, რა ვიცი, სიყვარულზე დაფუძნებული ოჯახის ერთ-ერთი წევრია.

ნაზი ჯანეზაშვილი ასევე დაინტერესდა, რატომ დაწერა აბუსერიძემ ცოლის სამუშაო ადგილის გრაფაში დიასახლისი და არის თუ არა ეს მისთვის სტერეოტიპული დამოკიდებულება.

ნაზი ჯანეზაშვილი:

თქვენს განაცხადში რაც შემოიტანეთ მითითებული გაქვთ თქვენი მეუღლის სახელი და გვარი, ეს სავალდებულოა ხო რომ მიუთითოთ? სამუშაო ადგილის და თანამდებობის გასწვრივ გიწერიათ დიასახლისი, არის თუ არა ეს სტერეოტიპული დამოკიდებულება და ქალი რომელიც უბრალოდ ოჯახში ასრულებს გარკვეულ საქმიანობას, ამიტომ მიუთითეთ დიასახლისი თუ რას ნიშნავს?

გოჩა აბუსერიძე:

არა, არა…

ნაზი ჯანეზაშვილი:

რა შეკითხვა მაქვს იცით, უმუშევარია თუ დიასახლისი ქალი რომელიც არ მუშაობს?

გოჩა აბუსერიძე:

შეიძლება ტექნიკურად … ალბათ უფრო უმუშევარი

ნაზი ჯანეზაშვილი:

აი, რაღაცაზე ხომ იფიქრეთ როცა ეს ჩაწერეთ, დიასახლისი? სტერეოტიპია თუ არა ეს თქვენთვის?

გოჩა აბუსერიძე:

შეიძლება, კი… ჩემთვის პირადად არა, ზოგადად რაღაც…

ნაზი ჯანეზაშვილი:

არ უწყობს ხელს ასეთი მითითება მოსამართლის მიერ განაცხადში ქალის ფუნდამენტურ როლზე, სტერეოტიპებზე რომელიც გავრცელებულია?

გოჩა აბუსერიძე:

ხო, ნამდვილად არ მიმაჩნია რომ ქალბატონი უნდა იყოს დიასახლისი, პირიქით.