ქართველმა ემიგრანტებმა „მზიას სიის“ მხარდაჭერის წინადადებით ევროპარლამენტარებს მიმართეს

პუბლიკა

„მზიას მოძრაობა“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქართველი ემიგრანტების 31-მა ჯგუფმა და ორგანიზაციამ ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე აშშ-დან, კანადიდან, შვეიცარიიდან, ისლანდიიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ნორვეგიიდან, მოლდოვადან, ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან მიმართა ევროპარლამენტარებს „მზიას სიის“ მხარდაჭერის წინადადებით.

„ქართველი ემიგრანტები მიიჩნევენ, რომ სწორედ „მზიას სია“ უნდა გახდეს ადამიანის უფლებების დარღვევებზე, თავისუფალ მედიასა და სამოქალაქო აქტივიზმზე ძალადობრივი თავდასხმების წინააღმდეგ მიმართული სასანქციო პაკეტის, ასევე რეპრესიული რეჟიმების წინააღმდეგ დასავლეთის მიზანმიმართული რეაგირების ინსტრუმენტის სახელი. უკვე მომავალი კვირიდან ემიგრანტული ორგანიზაციები მიმართავენ ევროკავშირს, მისი წევრი ქვეყნების მთავრობებსა და სხვა პარტნიორებს „მზიას სიით“, – წერია განცხადებაში.

როგორც მოძრაობა აცხადებს, „მზიას სიაში“ შევა რამდენიმე ასეული პირი, „რომლებიც მონაწილეობდნენ მოქალაქეთა წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში, წამებასა და მათ შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაში, ცრუ ჩვენებების მიცემასა და უსამართლო განაჩენების გამოტანაში“.

ხელმომწერების სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.


მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა და ის დამნაშავედ ცნო არა პოლიციელზე თავდასხმის, არამედ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის მიმართ წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობის მუხლით.

11 იანვარს დაწყებულ აქციაზე მზია ამაღლობელი ორჯერ დააკავეს – თავდაპირველად 11 იანვრის ღამეს, კედელზე პლაკატის გაკვრის გამო. მოგვიანებით ის გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მალევე აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მოულოდნელად ჩოჩქოლი ატყდა და მზია ამაღლობელი მეორედაც დააკავეს, უკვე 12 იანვარს, 2 სხვა პირთან ერთად.

13 იანვარს „ბათუმელებმა/ნეტგაზეთმა” გაავრცელა ვიდეო და ინფორმაცია, რომ მათ დირექტორს, მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე აგინებს და ვიდეოში ისმის მისი სიტყვები: „სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ, ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“.

მზია ამაღლობელი პროტესტის ნიშნად 38 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ადვოკატები აცხადებენ, რომ პატიმრობის დროს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. 23 ივნისს მაია მწარიაშვილმა თქვა, რომ მზია ამაღლობელის მხედველობა მარცხენა თვალში სინათლე-სიბნელის გარჩევის დონეს არ სცდება. მარჯვენა თვალში მხედველობამ 30%-დან 10%-მდე დაიკლო.