ქართველმა კინემატოგრაფისტებმა კარლოვი ვარის ფესტივალზე ცენზურის საფრთხეზე ისაუბრეს

პუბლიკა

4 ივლისს კარლოვი ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე დოკუმენტური ფილმის ,,ღიმილიანი საქართველო” პრემიერა შედგა. ფილმის რეჟისორია ლუკა ბერაძე. პროდიუსერები – ნინო ჩიჩუა და ანა ხაზარაძე. პრემიერის შემდეგ, გადამღები ჯგუფის წევრებმა აუდიტორიას მიმართეს.

რეჟისორმა ლუკა ბერაძემ თავის სიტყვაში, კინოცენტრში განვითარებული მოვლენების გამო, ცენზურის საფრთხეზე გაამახვილა ყურადღება.

„ეს ფილმი კრიტიკული ხედვით გადავიღე, ახლა ასეთ ფილმებს კინოცენტრი დააცენზურებს, ძალიან სამწუხარო მდგომარეობაა.“ – განაცხადა ლუკა ბერაძემ.

ფილმის პროდიუსერმა, ანა ხაზარაძემაც ცენზურის საფრთხეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება, ასეთი „თამამი და დამოუკიდებელი ფილმები ვეღარ გადაიღონ“

 „გვსურს ეს სცენა ცნობიერების ასამაღლებლად გამოვიყენოთ და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს გავაგებინოთ არსებული პრობლემის შესახებ. ფილმი თავდაპირველად ეროვნულმა კინოცენტრმა დააფინანსა, რამაც ქართულ-გერმანული კოპროდუქცია გახადა შესაძლებელი. ვშიშობთ, არსებობს საფრთხე, რომ ასეთი თამამი და დამოუკიდებელი ფილმები ვეღარ გადავიღოთ.“

„დიდი მადლობა, ძალიან გვიხარია, რომ ამ სცენაზე ვართ. როგორც ლუკამ აღნიშნა, სანამ ჩვენ აქ ვართ, საქართველოში ჩვენი მეგობრები და კოლეგები აპროტესტებენ კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას, კინოცენტრის რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ისინი აპირებენ მოქმედი თანამშრომლები ახლებით ჩაანაცვლონ.“ – განაცხადა ფილმის პროდიუსერმა ნინო ჩიჩუამ.

 

კარლოვი ვარის ფესტივალზე ქართული ფილმების წარდგენას კინოცენტრი დღეს გამოეხმაურა. 5 ივლისს, ცენტრის ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ცენტრი წერს, რომ კინოფესტივალზე წელს 2 ქართული ფილმია წარდგენილი. პოსტში ცენტრი ყურადღებას ამახვილებს თინათინ ყაჯრიშვილის ფილმის მთავარ კონკურსში მონაწილეობის ფაქტზე და არ ახსენებს, რეჟისორ ლუკა ბერაძის ფილმს, „ღიმილიანი საქართველოს“ და არც 4 ივლისს გამართულ პრემიერას.

კინო სექტორში დასაქმებული პირები ფიქრობენ, რომ კინოცენტრი განზრახ არ ასახელებს გამოქვეყნებულ პოსტში „მეორე ფილმს”, რადგან მისი ავტორი კინოცენტრში რეორგანიზაციის გამოცხადების შემდეგ დაწყებული პროტესტისა და პროტესტის მონაწილეთა მოთხოვნების თანამოზიარეა.