ქართველმა მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს შეჯიბრში, რომელშიც ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ ქვეყნებად წარდგნენ

პუბლიკა

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მონაწილეობა მიიღეს 1-2 ოქტომბერს ვლადიკავკაზში გამართულ შეჯიბრებაში.

ტურნირში ასევე მონაწილეობდნენ მოჭიდავეები რუსეთიდან, ასევე, საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან – აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ტურნირზე დამოუკიდებელ ქვეყნებად იყო წარმოჩენილი.

საქართველოს სახელით ტურნირში მონაწილეობდნენ:

  • მელაძე ა.
  • ჯიოევი დ.
  • ელბაქიძე გ.
  • კობახიძე საბა
  • ბეშიძე ნ.
  • მარსაგიშვილი რ.
  • გოგრიჭიანი გ.
  • ბაზაძე ლ.

„პუბლიკას” ჭიდაობის ფედერაციაში უთხრეს, რომ მოჭიდავეებმა გადაწყვეტილება თვითნებურად მიიღეს და ფედერაცია ამაში ჩართული არ ყოფილა – მოჭიდავეებს არ ჰქონიათ დაფინანსება მათი მხრიდან.

„ეს მოჭიდავეები ნაკრების წევრებიც არ არიან და ყველას გაკონტროლება, ვინც ჭიდაობს, ძნელია. სადისციპლინო ზომების შესახებ ჯერ არაფერი ვიცით, ამაზე ვიმსჯელებთ”, – გვითხრა ფედერაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.

განახლება:

ქართველმა მოჭიდავეებმა 2023 წელსაც მიიღეს მონაწილეობა ტურნირში, რომელშიც ასევე მონაწილეობდნენ ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელი ქვეყნების სტატუსით.

მაშინ ინფორმაიცია აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის ახალგაზრდებისა და სპორტის კომიტეტმა გაავრცელა.

ფოტოზე ვხედავთ ტურნირში მონაწილე ქვეყნების დროშებს. მათ შორის არის საქართველოს და ოკუპირებული აფხაზეთის დროშები.

ჭიდაობის ფედერაციის პრესსამსახურის განცხადებით, ამის მიუხედავად, იმ მოჭიდავეებს, რომლებიც ამ ტურნირებში მონაწილეობენ, მაინც აქვთ შესაძლებლობა, საქართველოს ნაკრების წევრები გახდნენ – ამისთვის მათ საქართველოს ჩემპიონატი უნდა მოიგონ, ხოლო ტურნირში მონაწილეობის შეზღუდვა არავისზე არ გავრცელდება.