დღეს „საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ“ ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.
პრესკონფერენციაზე მოსალოდნელ საკანონმდებლო რეგულაციებსა და ამ რეგულაციებიდან გამომდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის აუცილებლობაზე იმსჯელეს.
როგორც ასოციაცია აღნიშნავს, კანონპროექტის წარმოდგენილი სახით დამტკიცება შეუძლებელს გახდის აზარტული თამაშების კომპანიებისთვის სპორტში შემდგომ ინვესტირებას, რაც ნეგატიურად აისახება საქართველოში სპორტის განვითარებაზე.
პრესკონფერენციას ქართული სპორტის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათ მხარდაჭერა გამოუცხადეს სათამაშო ბიზნესის ასოციაციას. მკლავჭიდელი ლევან საგინაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ეს რეგულაციები იმ ფორმით შევა ძალაში, რა ფორმითაც ახლაა წარმოდგენილი და ამის გამო სათამაშო ბიზნესი შეწყვეტს სპორტის დაფინანსებას, ეს სპორტისთვის დამღუპველი იქნება:
„პირადად ჩემზე შემიძლია ვთქვა, რომ ან მომიწევს ქვეყნიდან წასვლა ან მომიწევს სპორტისთვის თავის დანებება… სახელმწიფოსგან ძალიან მცირეა იმ სპორტსმენების რაოდენობა, ვისაც აქვს ღირსეული დაფასება და შემოსავალი. პირადად მე სახელმწიფოსგან არაფერი მაქვს. ვარ მხოლოდ სპონსორზე დამოკიდებული“, – განაცხადა საღინაშვილმა.
ძალოსანი ლაშა ტალახაძე აღნიშნავს, რომ თუ იმ სპორტსმენებს, რომლებიც ახლა ფინანსდებიან სათამაშო ბიზნესისგან, შეუწყდებათ სპონსორობა, იქნება სამწუხარო:
„სამწუხარო იქნება, თუ რომელიმე მათგანს შეუწყდება დაფინანსება, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი სპორტსმენი მათით სულდგმულობს. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ შეწყვეტენ ქართული სპორტისა და სპორტსმენების სპონსორობას თითოეული მათგანი“, – აღნიშნავს ტალახაძე.
განცხადებაში, რომელსაც საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია ავრცელებს, აღნიშნულია, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედ კომპანიებს.
„ჩვენი დიდი წუხილის მიუხედავად, ეს ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში შემდგომ ინვესტირებას. სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე, რაც ნეგატიურად აისახება თავად სპორტის განვითარებაზე.
ასევე, დარგს მოუწევს შეამციროს ან უარი თქვას სპორტულ ტრანსლაციებზე. შესაბამისად, დღეს ჩვენ მოგიწვიეთ სპორტის წარმომადგენლები, რათა გამოვხატოთ ჩვენი გულისტკივილი აღნიშნული მოვლენების გარშემო, გაგიზიაროთ ჩვენი მომავალი ნაბიჯები. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩვენთვისაც ასეთი გადაწყვეტილების მიღება, ხელისუფლებამ არ დაგვიტოვა არანაირი გზა, მოვქცეულიყავით სხვაგვარად“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების შესახებ ახალი რეგულაციების დასაწესებლად კანონპროექტის განხილვის ეტაპზეა. საკანონმდებლო პაკეტი რამდენიმე კანონპროექტისგან შედგება, მისი ერთი ნაწილი კი მოიცავს ცვლილებებს რეკლამისა და მაუწყებლობის შესახებ კანონშიც.
კანონპროექტს სხვა ფაქტორებთან ერთად ამ მიმართულებითაც მოჰყვა კრიტიკა. მედიაკოალიციის შეფასებით, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების გავლენა მაუწყებლების შემოსავლებზე სათანადოდ არაა შეფასებული.