ქაშვეთთან პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

პუბლიკა

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება.

ადგილზე იყო დაპირისპირება.

„არაფერი არ გვქონდა გადაკეტილი, 3 ადამიანი იდგა გაზონზე და ამის გამო დაიწყეს ეს უმსგავსო საქციელი, სიტყვებით ვერ აღვწერ, დაკავება რის გამო დაიწყეს ეგეც არ ვიცი, ტროტუარზე ვიდექით ხალხი, თვითონ ჰქონდათ გაზა გადაკეტილი ქაშვეთის მხარეს და დაიწყეს ჩვენი დაკავება. ვისაც ხელი მოკიდეს და ვისი წაყვანაც შეძლეს, 40 კაცი მისდევდა ერთ ადამიანს, ყველა დააკავეს, წიხლებით ტენიდნენ ადამიანებს მანქანაში, ხერხემალში ლამის გადაამტვრიეს ბიჭი, არ ვიცი, სიტყვებით ვერ აგიხსნით ეს რა სანახაობა იყო“, -თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ „მთავარ არხთან“.

უცნობია ჯამში რამდენი პირი დააკავა პოლიციამ. „პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღებას.

განახლება [16:00] შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 14:14 საათზე შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დააკავეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, მათ შორის ქალები.

„დაკავების პროცესს თან ისეთი ქმედებები, როგორიცაა თმების მოქაჩვა და ადამიანის მიწაზე თრევა. ამგვარი ქმედებები არღვევს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმებსა და არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობს“, – აცხადებს ორგანიზაცია.