პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის საბაბით რამდენიმე პირის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო.
ამის შესახებ FB-ზე დაწერეს მირანდა ბაღათურიამ, ანა ყურაშვილმა, თორნიკე სხვიტარიძემ და ანი ქავთარაძემ.
მირიან ქავთარაძე ის პოლიციელია, რომელზე ძალადობის ბრალდებითაც საბა სხვიტარიძეა დაპატიმრებული.
17 აპრილს, საბა სხვიტარიძის პროცესზე მირიან ქავთარაძე გამოიკითხა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მირიან ქავთარაძემ დარბაზი საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
ადმინისტრაციული საქმის დაწყება სავარაუდოდ ამას უკავშირდება.
საბა სხვიტარიძის ძმამ, თორნიკე სხვიტარიძემ დაწერა:
„დეტექტივების სამმართველოდან დამირეკეს, მირიან ქავთარაძეს შეურაცხყოფა მიაყენეთ სასამართლოში და გამოკითხვაზე ხართ დაბარებული, გამოძიება დავიწყეთო.
ანუ მირიან ქავთარაძე, რომელიც ე.წ დაზარალებულია საბას საქმეში და 17 აპრილს ცრუ ჩვენებაც მისცა, სამსახურში დაბრუნდა და თავის დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს საბას ოჯახის წევრების და მეგობრების წინააღმდეგ გამოძიების დაწყება დაავალა.
მხოლოდ მე არა, საბას პროცესზე ვინც იყო, თითქმის ყველას დაურეკეს.
მირიანი თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, მთლად ვერ გვაწამებს, მაგრამ ადმინისტრაციული წესით მისი დეპარტამენტი გაგვასამართლებს. დიქტატურა მეტი არაფერია”.
საბა სხვიტარიძე 2024 წლის 5 დეკემბერს, გვიან ღამით დააკავეს რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე მომხდარი დაპირსპირების გამო. პროკურატურის მტკიცებით, ის ხელკეტით თავს დაესხა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავის არეში მიაყენა დაზიანება.
რა მოხდა 4 დეკემბერს „ქორთიარდ მარიოტთან“
სხვიტარიძეს ბრალი 4 დეკემბერს „ქორთიართ მარიოტთან“ მირიან ქავთარაძეზე თავდასხმაში ედება. სასტუმროსთან შეკრებილ მოქალაქეებს შორის იყვნენ პირები, რომელთან ეკეთათ პირბადე, ნაწილს ეხურა კაპიუშონი.
როგორც შემდგომ გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც.
დაცვის მხარის თქმით, „ადგილზე მყოფი პოლიციელები გამოიყურებოდნენ, იქცეოდნენ და ძალადობდნენ ისე, როგორც ძალადობენ ე.წ. ტიტუშკები“.
მათივე თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება და ამან ჩააყენა საბა სხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში.
„აგრესია დაიწყო მაშინ, როცა მირიან ქავთარაძემ გაარტყა ხელი მოქალაქე თეონა ჭალიძეს და გაიწია იქ მყოფი აქციის მონაწილეებისკენ. ამან გამოიწვია კონფლიქტი და აგრესია… არ იცოდნენ და არც შეიძლება სცოდნოდა ვინმეს, რომ ესენი იყვნენ პოლიციის თანამშრომლები“. – ამბობს საბა სხვიტარიძის ადვოკატი.
17 აპრილის პროცესზე მირიან ქავთარაძემ თქვა, რომ დაპირისპირების დროს მას თავში ჩაარტყეს რკინისმაგვარი საგანი, რის შედეგადაც თავის არეში დაზიანება მიიღო. მისი თქმით, თავი გაუტყა ორგან და დასჭირდა ოთხი ნაკერი.
თავად საბა სხვიტარიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ დაკავების შემდეგ ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ, რამდენჯერმე სცემეს და აწამეს.
საბა სხვიტარიძეს ბრალი წარდგენილი აქვს 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.