ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტებში ზვავისა და მეწყრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის რეგიონში ქედის მუნიციპალიტეტსა და ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ თხილვანაში მეწყრისა და ზვავის ჩამოწოლის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, მათგან ერთ-ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქედის რაიონული სამმართველოს უბნის უმცროსი ინსპექტორია. ერთი ადამიანი უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი.

შსს-ს განცხადებით, სტიქიის ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.

როგორც ადგილობრივები ტელეკომპანია „მაესტროსთან“ აცხადებენ, ადგილზე მუშაობენ მოსახლეობის ორგანიზებული ჯგუფები.