ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების ჩატარებაზე ჩვენი რეკომენდაცია უცვლელია – იმნაძე

პუბლიკა

დაავადებათა ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე, ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ხათუნა ზახაშვილი ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობენ.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების გამართვა, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების აუდიტორია არაუმეტეს 200 მაყურებლით განისაზღვრება. ნებადართული გახდა დახურულ სივრცეში რეპეტიციების გამართვა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი პროტოკოლის დაცვით.

შეკითხვაზე, კვლავ ძალაში რჩება თუ არა ქელეხების, ქორწილებისა და იუბილეების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე შეზღუდვა, პაატა იმნაძე პასუხობს, რომ მათი რეკომენდაცია, ჯერჯერობით, უცვლელია.

„კულტურული ღონისძიებები, რეპეტიციები დაიშვა დახურულ სივრცეში. მაგრამ ქორწილებისა და ქელეხების დახურულ სივრცეში ჩატარებაზე არის შეზღუდვები.  ჩვენი ტრადიციები ყველამ იცის, მაგალითად, კონცერტი შესაძლებელია ღია სივრცეში ჩატარდეს და მაგრამ, სამწუხაროდ, ქორწილი, იუბილე და ქელეხიც ალკოჰოლის გარეშე არ არის, ამიტომ როგორ ფიქრობთ 200 კაცი რომ ნასვამი იქნება, რომელ დისტანციაზე შეიძლება იყოს ლაპარაკი. ჯერჯერობით, ჩვენი რეკომენდაცია ასეთია. დიდი ზომის ამგვარი ღონისძიებების ჩატარება ჯერ არ არის რეკომენდებული“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.