„[პირადი გამოცდილებიდან] იმედის დასანქცირებაზე ევროპარლამენტშიც აქტიურად მუშაობენ”- ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სამთავრობო ტელეკომპანია „იმედის” ყოფილი ჟურნალისტი ქეთევან ქარდავა ავრცელებს.
ქეთევან ქარადვა წლების განმავლობაში ჯერ საზოგადოებრივ მაუწყებელში, შემდეგ კი სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში” მუშაობდა, ის ევროპის ბიუროს კორესპონდენტი იყო ბრიუსელში. 2026 წლის იანვარში მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელეკომპანია დატოვა.
როგორც ქარდავა პოსტში წერს, 2025 წელს ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა კოლეგებს გაუგზავნა წერილი, სადაც TV IMEDI-ისთვის აკრედიტაციის შეწყვეტას და ევროპის საკანონმდებლო ორგანოს საშვის არგაცემას ითხოვდა. ჟურნალისტის თქმით, აღნიშნული ინიციატივის საფუძველი „იმედის“ მხრიდან ევროპარლამენტის, ევროკავშირისა და ევროპული ინსტიტუტების შესახებ მუდმივად ცილისმწამებლური რეპორტაჟები, პარლამენტარებზე თავდასხმები და მათი მტრებად წარმოჩენა იყო.
„ევროპარლამენტისა და სხვა ევროპული ინსტიტუტების გრძელვადიანი და ერთჯერადი საშვები ერთმანეთთან არის დაკავშირებული. აკრედიტაცია უზრუნველყოფს შეუფერხებელ მუშაობას. დასანქცირების შემთხვევაში ორივე ტიპის აკრედიტაციის გაცემა ჩერდება.
გასული წლის ბოლოს ამ წერილის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანიას მივაწოდე. ნაწილმა ეს სერიოზულად არ მიიღო – „ვერაფერს გააკეთებენ, ან თუ გააკეთებენ, ეს მათ სახეს წარმოაჩენსო“.
შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ზოგს სანქციებიც კი სურდა და მერე მოაბავდა ათას რამეს. ნაწილი შეშფოთდა და ინერვიულა საუბრის დროს. მოჩვენებითი იყო ეს ყველაფერი, რადგან არაფერი შეცვლილა – არც ტონი და არც შინაარსი. პირიქით, ყველაფერი იგივე ან უფრო მძიმე ფორმით გაგრძელდა” – წერს ქეთევან ქარდავა.
სახელისუფლებო „იმედის” ყოფილი ჟურნალისტის თქმით, ევროკავშირში სანქციების მიღება კოლექტიურად უფრო რთული პროცესია. მისი თქმით, ეს დადასტურდა მაშინაც, როდესაც უნგრეთისა და სლოვაკეთის მხრიდან სანქციებზე ვეტოს უფლება გამოიყენეს. ქარადვას თქმით, სწორედ ამიტომ ქვეყნები ჯერ ინდივიდუალურ სანქციებს მიმართავენ, რადგან ამ მექანიზმს უფრო ეფექტიანად მიიჩნევენ, ვიდრე საერთო გადაწყვეტილების მიღებას, სადაც ვეტოს გამოყენების რისკი არსებობს.
ევროპარლამენტარის წერილს, რომელზეც სამთავრობო ტელეკომპანია „ტვ იმედის“ ყოფილი ჟურნალისტი თავის პოსტში საუბრობს, ამავე პოსტში ურთავს და მის თარგმანს უცვლელად გთავაზობთ.
„ძვირფასო კოლეგებო,
მოგმართავთ თხოვნით, გამიწიოთ მხარდაჭერა გადაუდებელ საკითხზე, რომელიც ეხება ქართული ტელეკომპანია „იმედის“ აკრედიტაციას ევროპარლამენტში.
როგორც მოგეხსენებათ, არსებობს არსებითი მტკიცებულებები, რომ ტელეკომპანია „იმედი“ [ქართული მაუწყებელი და ამჟამად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული არხი] არ მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი მედია საშუალება, არამედ წარმოადგენს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ პარტიულ პროპაგანდისტულ ინსტრუმენტს. ეს მოიცავს ევროკავშირის, ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპარლამენტის წევრების წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციის სისტემატურ გავრცელებას.
აღნიშნული გარემოებების სერიოზულობიდან და ჩვენი ინსტიტუტების მთლიანობისთვის შესაძლო რისკებიდან გამომდინარე, მოვამზადე ოფიციალური მიმართვის პროექტი ქალბატონ პრეზიდენტისადმი, რომელშიც მოვითხოვ „იმედის“ აკრედიტაციის დაუყოვნებლივ შეჩერებას დამოუკიდებელი გამოძიების დასრულებამდე.
გთხოვთ, იხილოთ თანდართული წერილის პროექტი და დამატებითი მასალები, რომლებიც ასაბუთებს წარმოდგენილ ბრალდებებს.
დიდად დავაფასებ თქვენს მხარდაჭერას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისა და ჩვენი საერთო ღირებულებების – მედიის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და დემოკრატიული მთლიანობის დასაცავად”.
24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა TV IMEDI და POSTV რუსეთის (EU Exit) სანქციების რეგულაციების ფარგლებში დაასანქცირა.
როგორც დიდი ბრიტანეთი აცხადებს, ორივე ტელევიზია ჩართულია რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში. აშნიშნულ კატეგორიაში ბრიტანეთმა ამ პაკეტით მხოლოდ „იმედი“ და POSTV დაასანქცირა