ქეთევან წამებულის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეიცვლება - კალაძე

პუბლიკა

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, უახლოეს მომავალში ქეთევან წამებულის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დაიწყება.

კახა კალაძის თქმით, ქეთევან წამებულის ქუჩის მდგომარეობა მძიმეა, რასაც განაპირობებს მიწისქვეშა კომუნიკაციების მდგომარეობა. მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად განახლდება.

„ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ტენდერი, ქეთევან წამებულის ქუჩის სრულ რეაბილიტაციაზე. გვყავს უკვე გამარჯვებული კომპანია. უახლოეს მომავალში იქნება ხელშეკრულება გაფორმებული და დავიწყებთ სამუშაოებს. სარეაბილიტაციო არეალი არის მეტროსადგურ ავლაბრის ტერიტორიიდან კაჩინსკის ქუჩამდე. დაახლოებით არის 2 კილომეტრამდე მონაკვეთი და განხორციელდება ამ მონაკვეთის სრული რეაბილიტაცია. ალბათ დამეთანხმება ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ კონკრეტული ქუჩით სარგებლობს, რომ არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, რომ არის „ჩავარდნები”, გამოწვეული იმის გამო, რომ მიწისქვეშა კომუნიკაციები ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. საჭიროა საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება, ახალი წყლის სისტემის ჩადება მიწისქვეშ, ასევე გაზის კომპანია იმუშავებს ამ მიმართულებით. მიწის ქვემოთ არსებული კომუნიკაციები უნდა შეიცვალოს მთლიანად“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება ტროტუარები და დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები.

„ჩვენ GWP-ისთან გვექნება საუბარი ამ პროექტთან დაკავშირებით. მათ გარკვეული ფინანსური პრობლემები აქვთ, თუმცა ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ სამუშაოების განხორციელება, რომელიც თან ახლავს ჩვენს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. მხედველობაში მაქვს მიწისქვეშა კომუნიკაციების განახლება და მოწესრიგება. რა თქმა უნდა, ამ პროექტის ფარგლებში მოწესრიგდება მთლიანად ტროტუარები, დამონტაჟდება განათების ახალი ბოძები, თავანთი ლედ-სანათებით“, – თქვა კალაძემ.

მერის განცხადებით, სამუშაოების ღირებულება დაახლოებით 13 მილიონი ლარია.