ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-თვის“ ზარალის ანაზღაურებას მოითხოვს. ტელეკომპანიის მფლობელი სასამართლოს ახალი სარჩელით მიმართავს. – ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი გამოეხმაურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიას სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„მსურს, გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2-თვის“ მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე.
დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია „ინტერმედიასთან“ გარიგების დადების გზით, „რუსთავი 2-ის“ ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, „რუსთავი 2-ს“ განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა. აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2-ს“, რომელიც ქართული და სტრასბურგის სასამართლოების გადაწყვეტილებებით, 2019 წელს კანონიერ მფლობელს დაუბრუნდა“, – განაცხადა ხალვაშმა.
მისი თქმით, „რუსთავი 2-თვის“ ზიანის მიყენების მოტივი გახლდათ ის გარემოება, რომ „რუსთავი 2“ მას [ქიბარ ხალვაშს] უსათუოდ დამიბრუნდებოდა.
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის გარემოება, რომ ტელეკომპანიისთვის ზიანის მიყენება გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების აღსრულება დროებით შეაჩერა.
ეს ნიშნავს, რომ ნიკა გვარამიამ ბოროტად ისარგებლა სტრასბურგის სასამართლოს მიერ შეფარდებული დროებითი ზომით, მისი გამოყენებით ტელეკომპანიას დამატებით რამდენიმე მილიონი ლარის ოდენობის ზიანი მიაყენა, რაც სტრასბურგის სასამართლოს მიმართ უდიერი დამოკიდებულების მკაფიო გამოვლინებაა.
მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი. ამ მიზნით, სისხლის სამართლის განაჩენის საფუძველზე, დაუყოვნებლივ წარვადგენ სამოქალაქო სარჩელს სასამართლოში“, – აღნიშნა ქიბარ ხალვაშმა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „რუსთავის 2-ის“ საქმეზე განაჩენი გამოაცხადა. სასამართლომ ნიკა გვარამიას მიმართ წარდგენილი ბრალდება მითვისება ან გაფლანგვის მუხლი (სსკ-ის 182-ე მუხლი მე-2 (ა,დ) და მე-3 (ბ) ნაწილები) გადააკვალიფიცირა სსკ-ის 220-ე მუხლზე, რაც უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს, ასევე დამნაშავედ ცნო ანალოგიური მუხლით ე.წ. ავტომობილის ეპიზოდზე და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ნიკა გვარამია დანარჩენ ბრალდებებში გამართლდა.