ექიმის ინფორმაციით, დაჭრილ კურიერს ოპერაცია ჩაუტარდა | ის კლინიკაში რჩება

პუბლიკა

„გლოვოს“ დაჭრილ კურიერს ოპერაცია გვიან ღამით ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია და მკურნალობას პოსტოპერაციულ პალატაში განაგრძობს.

„წარმატებით ჩაიარა ოპერაციამ, პაციენტი ამ ეტაპზე იმყოფება პოსტოპერაციულ განყოფილებაში, აგრძელებს მკურნალობას კლინიკაში. როდის გაეწერება კლინიკიდან, ჯერ არ არის ცნობილი. ამ ეტაპზე ოპერაციამ და პოსტოპერაციულმა პერიოდმა გართულებების გარეშე ჩაიარა“, – ამბობს მედიასთან საუბრისას ორთოპედ-ტრავმატოლოგი ნინო რამიშვილი.

თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე გლოვოს კურიერი 6 ივლისს დაჭრეს –  შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

ოჯახის ინფორმაციით, „გლოვოს” კურიერს ჯერ სცემეს, შემდეგ კი 3-ჯერ ესროლეს. მათივე ცნობით, თავდასხმაში მონაწილეობდა 8 ადამიანი – სავარაუდო თავდამსხმელები შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუკავებია. უწყებაში ამბობენ, რომ საქმეზე „საგამოძიებო მოქმედებები” მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, პირი, რომელმაც „გლოვოს“ კურიერს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, მიიმალა.