პროკურატურამ ოჯახში ჩადენილი ძალადობის და მუქარის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარია ახალგაზრდა ქალის ქმარსა და მამამთილზე. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა. ბრალდებულები 19 ნოემბერს დააკავეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. ზუგდიდში ბრალდებულმა მეუღლის მიმართ ფიზიკურად იძალადა და ასევე, სხვადასხვა დროს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაზეც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. მეორე ბრალდებულმა კი არასრულწლოვანის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა რძალზე, რის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“, – წერია უწყების განცხადებაში.
ქალი „ტვ პრველთან“ ჰყვებოდა, რომ 17 ნოემბრის საღამოს მასზე მეუღლემ და მამამთილმა იძალადეს, შემთხვევის შემსწრე იყო მცირეწლოვანი შვილი, ასევე დედამთილი.
დაზარალებულის მეუღლეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ მუქარა, სამი ეპიზოდი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მეორე პირს (მამამთილს) ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ბ ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვანის თანდასწრებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად ასევე, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდათ.