ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ორი ადამიანი ემსხვერპლა

პუბლიკა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ავარიის შედეგად თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა – მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.

„თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.