ქობულეთის 4 სოფელი ცოფის დადასტურების გამო კარანტინშია

პუბლიკა

ქობულეთში, სოფელ ჯიხანჯურში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა. ტერიტორია, სადაც, ცოფით დაავადება დადასტურდა, გამოცხადდა არაკეთილსაიმედოდ და დაწესდა კარანტინი,- ინფორმაციას „აჭარის მაუწყებელი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელში, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე დაიწყო ცოფის საწინააღმდეგო, მასობრივი ვაქცინაცია. ჩატარდა შინაური მსხვილფეხა პირუტყვის, ძაღლების და კატების ვაქცინაცია ცოფზე.

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა ქობულეთში, ნატო ქარდავამ რეგიონულ მედიას, „ბათუმელებს“ უთხრა, რომ ცოფის შემთხვევა სამჯერ ერთსა და იმავე სოფელში – ჯიხანჯურში გამოვლინდა, თუმცა კარანტინი მიმდებარე სოფლებშიც გამოცხადდა.

„ამავე სოფლებში ვაქცინაცია ჩავუტარეთ ყველა შინაურ ცხოველს,“- ამბობს ნატო ქარდავა.

მისი თქმით, ცოფის პირველი შემთხვევა სოფელ ჯიხანჯურში 22 დეკემბერს დაფიქსირდა და ცხოველებიც აიცრა, თუმცა ვაქცინაციის მიუხედავად, ცოფი იმავე სოფელში კიდევ ორჯერ – 27 დეკემბერს და ბოლოს 11 იანვარს კვლავ გამოვლინდა შინაურ ცხოველებში.