ქობულეთში პრორუსული პლატფორმა „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან მომხდარი ძალადობის ფაქტზე დაკავებულ 5 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეეფარდათ. როგორც „პუბლიკას” ბათუმის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს, ბრალდებულები გირაოს თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდებიან.
მათ ბრალი ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობაში ედებათ, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
პროკურატურის ცნობით, „22 მარტს, ქობულეთში, „კონსერვატიული მოძრაობის” ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დროს, ზ.ჩ-მ, გ.გ-მ, ზ.გ-მ, ზ.ფ-მ და ი.ი-მ ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გ. ჯ-ს, გ. რ-ს და თ.ქ-ს”.
უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს“ ქობულეთში აქცია-მსვლელობა გუშინ, 22 მარტს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
როგორც facebook-ზე აქციის მონაწილე თორნიკე მამალაძე წერს, „ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნის გაპროტესტების და უკრაინის სოლიდარობის აქციის დროს „ალტ-ინფომ” კუნთმაგარი ბიჭები მოგვისია და ხელკეტებით გამეტებით გვცემეს, მათ შორის – სკოლის მოსწავლეები“.