ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა გვაქვს - ნიჟარაძე

პუბლიკა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის თქმით, გუშინ ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 40 ახალი კონტაქტირებული პირი მოიძიეს. ეს არიან დაავადებულის ოჯახური კონტაქტები.

მისივე თქმით, 8 ლაბორატორიული კვლევის ნიმუში აიღეს გუშინ და 6 შემთხვევაში ვირუსით ინფიცირება დადასტურდა, შესაბამისად, ქობულეთის კლასტერთან დაკავშირებული 6 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯამში ქობულეთში ინფიცირების 12 დადასტურებული შემთხვევაა და 12-ვე შემთხვევა უკავშირდება ქალს, რომელსაც კორონავირუსი 7 აპრილს დაუდგინდა.

მისივე თქმით, ახალი 6 შემთხვევიდან ერთი არასრულწლოვანია.

„ჯამურად ქობულეთის კლასტერთან მყოფი კონტაქტში მყოფი 148 პირიდან 12 დადასტურდა”, – განაცადა ნინო ნიჟარაძემ და დასძინა, რომ კონტაქტირებულების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს.


7 აპრილს ბათუმში კორონავირუსის შიდა გავრცელების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებული 60 წლამდე ასაკის ქალია.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, პაციენტს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ ჰქონდა და ის ორი დღის განმავლობაში ორ სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. ქალს აღენიშნებოდა მუცლის ტკივილი და დიარეა.

8 აპრილს აჭარაში ლაბორატორიულად 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ყველა შემთხვევა 60 წლამდე ინფიცირებული ქალის კონტაქტია.

9 აპრილს ინფიცირებულ ქალთან  კონტაქტში მყოფ 116 პირთან ჩატარდა ლაბორატორიული კვლევა და პასუხი ყველასთან უარყოფითი იყო.