ქობულეთის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის საქმეზე 3 პირი დავაკავეთ - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მომხდარი მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს. ორ მათგანს დანაშაულის შეტყობინება, ერთს კი დანაშაულის დაფარვა ედება ბრალად. შსს-ს განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულმა ქვეყნის დატოვება მოასწრო და მას ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.

შსს-ს განცხადებით, 2003 წელს დაბადებული ახალგაზრდა 16 მაისს მეგობრის სახლში იმყოფებოდა, სადაც ურთიერთშელაპარაკების შემდეგ ასევე 2003 წელს დაბადებულმა პირმა ცივი იარაღით დაჭრა. ახალგაზრდა შემთხვევის ადგილას გარდაიცვალა.

„დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულმა და 2003 წელს დაბადებულ ა.ა.-მ, გ.ა.-ს ცხედარი ავტომობილის საბარგულში მოათავსეს და სოფლიდან მოშორებით, ტყის პირას დამარხეს.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ა.ა. დანაშაულის დაფარვის ბრალდებით, მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ გ.ა.-ს მკვლელობის ფაქტს შეესწრნენ: 2003 წელს დაბადებული დ.მ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ჯ. , თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს. სამართალდამცველებმა ორივე პირი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს“, – აცხადებს შსს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 375- მუხლის მე-2 და 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას და დაფარვას გულისხმობს.