წუხელ, 10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დიაწყო.
გარდაცვლილი ბაბუამ იპოვა. როგორც ის ჟურნალისტებს ეუბნება, გოგო გასულ ზაფხულს გააუპატიურეს. მისი თქმით, ეს იცოდა პოლიციამ, გოგოს ჩაუტარდა შესაბამისი ექსპერტიზაც, თუმცა პასუხმა დაიგვიანა, რასაც, ბაბუის თქმით, არასრულწლოვანი განიცდიდა. მისი ინფორმაციით, სავარაუდო მოძალადე დაკავებული არ არის.
„გააუპატიურა ერთმა კაცმა. ექსპერტიზის ქაღალდია თუ რაღაცა რომაა, დაიგვიანა იმან ჩამოსვლა და დაკავებული არ ჰყავდათ ის ბიჭი, ხოდა ამაზე დარდობდა. ივლისში ყოფილა ეს ამბავი. ბავშვი არ ამბობდა არაფერს, ალბათ ემუქრებოდა. 6 თვის მერე რომ მოაკითხა, მერე გავიგეთ ჩვენ, რომ გაუპატიურებული იყო ბავშვი“, – განაცხადა ბაბუამ.
„პუბლიკამ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰკითხა – ინფორმირებული იყვნენ თუ არა გაუპატიურებასთან დაკავშირებით და რა ეტაპზე იყო ამ საქმის გამოძიება? უწყებაში გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიდნენ.