ქობულეთში 19 წლის ბიჭის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს

პუბლიკა
content image

პროკურატურის ცნობით, 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული გაერთიანებულ სამეფოში დააკავეს.

საუბარია ქობულეთში, 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე.

უწყების ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2023 წლის 18 მაისს, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დანით სხეულის სხვადასხვა არეში მრავლობითი დაზიანება მიაყენა დაზარალებულს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად  გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ ბრალდებულმა თანმხლებ პირებთან ერთად გვამი დაუსახლებელ ადგილას დამარხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაუსწრებლად წარედგინა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა და მის მიმართ გამოცხადდა ძებნა.

ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულია კიდევ 6 პირი: ოთხი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე; ერთი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტზე; ერთი, გამოსაკითხ პირზე განხორციელებული ზემოქმედების ფაქტზე.

20 ივლისს მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასულიერო პირი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. გელა ბაჟუნაიშვილს, იგივე მამა იობს პროკურატურა მკვლელობის შეუტყობინებლობას ედავება.