ქობულეთში, „ალტ-ინფოს” პარტიის ოფისთან დაკავებული 11 პირი სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა, ერთი კი 3 500 ლარით, – ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას” ბათუმის საქალაქო სასამართლოში განუცხადეს.
ქუბულეთში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან მომხდარი ჩხუბის დროს პოლიციამ 12 პირი დააკავა.
გამოცემის ინფორმაციით, თორმეტივე დაკავებული „ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენელი ან მხარდამჭერია.
მათ შსს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებოდა.
უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს“ ქობულეთში აქცია-მსვლელობა გუშინ, 22 მარტს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.
როგორც facebook-ზე აქციის მონაწილე თორნიკე მამალაძე წერს, „ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნის გაპროტესტების და უკრაინის სოლიდარობის აქციის დროს „ალტ-ინფომ” კუნთმაგარი ბიჭები მოგვისია და ხელკეტებით გამეტებით გვცემეს, მათ შორის – სკოლის მოსწავლეები“.