ქობულეთში აქციაზე „ალტ-ინფოს" პარტიის 12 წარმომადგენელია დაკავებული

პუბლიკა

„ქუბულეთში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთან მომხდარი ჩხუბის დროს 12 პირია დაკავებული“, – ამის შესახებ „პუბლიკას“ შსს-დან აცნობეს.

მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლების დარღვევას ედავებიან.

გამოცემის ინფორმაციით, თორმეტივე დაკავებული „ალტ-ინფოს” პარტიის წარმომადგენელი ან მხარდამჭერია. ისინი ამ დრომდე იზოლატორში იმყოფებიან. სასამართლო სხდომა კანონმდებლობით გათვალისწინებულ დროში ჩაინიშნება.

უკრაინის დროშებითა და შეძახილებით – „არა რუსეთს“ ქობულეთში აქცია-მსვლელობა გუშინ, 22 მარტს გაიმართა. აქციის მონაწილეებმა „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისთანაც გაიარეს, რასაც მოგვიანებით ფიზიკური დაპირისპირებაც მოჰყვა.

როგორც facebook-ზე აქციის მონაწილე თორნიკე მამალაძე წერს, „ქობულეთში პროპუტინისტური პარტიის გახსნის გაპროტესტების და უკრაინის სოლიდარობის აქციის დროს „ალტ-ინფომ” კუნთმაგარი ბიჭები მოგვისია და ხელკეტებით გამეტებით გვცემეს, მათ შორის – სკოლის მოსწავლეები“.