ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას 1-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

პუბლიკა

ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს ბაბუას 1-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ეს გადაწყვეტილება დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო.

გარდაცვლილი გოგოს ბაბუას ბრალი ორი მუხლით ჰქონდა წარდგენილი – საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობა, (ორი ეპიზოდი)) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული სიცოცხლის მოსპობის მუქარა).

10 თებერვლის საღამოს ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვანი გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე დაკავებულია ერთი პირი, 14 წლის მოზარდთან სექსუალური კავშირის დამყარებისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით.

ბაბუის ეპიზოდში, პროკურატურის ვერსიით, „გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 10 დეკემბერს და 2021 წლის იანვარში, ს.ც.-მ, გენდერული ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა წინასწარი შეცნობით არასრულწლოვან შვილიშვილს ნ.ც.-ს და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მას. სამართალდამცავებმა ს.ც. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 2021 წლის 15 თებერვალს დააკავეს. დაკავების შემდეგ დაკითხვისას ს.ც.-მ 2020 წლის 10 დეკემბრის ეპიზოდი აღიარა და განაცხადა, რომ აღნიშნულ დღეს მან შვილიშვილის მიმართ ძალადობა განახორციელა“.