ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა სესხის გადავადების მოთხოვნით მორიგი აქცია გამართეს

პუბლიკა

ქობულეთში საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა, საბანკო ვალდებულებების ერთი წლით გადავადებისა და სახელმწიფოსგან პროცენტის სრული სუბსიდირების მოთხოვნით, მორიგი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეების თქმით, კორონავირუსის პანდემიის გამო სეზონი ჩავარდა და საბანკო დავალიანებს ვეღარ იხდიან.

აქციის ერთ-ერთი მონაწილე ამბობს, რომ პრობლემის აღმოსაფხვრელად ბანკებთან მიდის მოლაპარაკებები, თუმცა უშედეგოდ. ამის გამო, აქციის მონაწილეები შიმშილობასაც აანონსებენ.

„მამაპაპისეულ სახლებს ვკარგავთ იმიტომ, რომ სეზონი პანდემიის გამო ჩავარდა. იყო „5-ლარიანი სეზონი“. სახელმწიფოს ვთხოვთ დახმარებას, რომ წლევანდელი წელი გაყინონ. მოლაპარაკებები მიდის ეროვნულ ბანკთან, მოლაპარაკებები მიდის სხვადასხვა ბანკთან, მაგრამ ქმედითი ნაბიჯი ჯერ ვერ დავინახეთ. არც ერთი ქობულეთელი, არც ერთი ჩემი თანაქალაქელი არ დაკარგავს არც ერთი სახლს. მასობრივად გამოვალთ და ბოლო გზა არის, მერიის შენობის წინ დავიწყებთ შიმშილს“, — ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

აქციის მონაწილეებს ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე შეხვდა. მისი განმარტებით, ხელისუფლება ამ საკითხის მოგვარებაზე მუშაობს.

„აჭარის ა/რ მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, მაქსიმალურად მუშაობს საკითხის ისეთი კუთხით გადაწყვეტაზე, რომელიც იქნება მისაღები თითოეული მსესხებლისთვის“, — ამბობს ქათამაძე.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი არ გაჩერდებიან, სანამ ხელისუფლება ამ პრობლემას არ მოაგვარებს. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებმა 18 სექტემბრისთვის მორიგი საპროტესტო აქციაც დააანონსეს.