ქოლცენტრების შემსწავლელი კომისიის შესაქმნელად პარლამენტში კვორუმი არ შედგა

პუბლიკა

ოპოზიციას პარლამენტში „ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ მეშვეობით ჩადენილი ტრანსნაციონალური დანაშაულებისა და მათზე შესაძლო არასათანადო რეაგირების“ შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა სურდა, თუმცა კენჭისყრაზე საპარლამენტო უმრავლესობამ რეგისტრაცია არ გაიარა, შესაბამისად კვორუმი ვერ შედგა და საკითხს კენჭი ვერ უყარეს.

კომისიის შექმნას მხარს საპარლამენტო ოპოზიციის თითქმის სრული შემადგენლობა უჭერდა.

კანონპროექტის წარმდგენი დეპუტატი მიხეილ დაუშვილი იყო, რომელმაც კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრის დროს ქოლცენტრების მუშაობის სქემა განმარტა. უმრავლესობის დეპუტატებმა ერთმანეთის მიყოლებით გაუსვეს ხაზი იმას, რომ დაუშვილმა „ქოლცენტრების მუშაობის სპეციფიკის შესაშური ცოდნა“ გამოავლინა, რაზეც საზოგადოებისთვის პასუხის გაცემა არ იქნებოდა ცუდი – როდის და როგორ დააგროვა მან ეს ცოდნა.

„ბოლოს ველოდებოდი საცდელ ზარს გერმანელ პენსიონერთან, იმედი გამიცრუვდა“, – იხუმრა ირაკლი კობახიძემ.

უმრავლესობის დეპუტატების შეკითხვები ძირითადად შეეხებოდა იმას, რომ, როცა BBC-იმ ქოლცენტრებთან დავით კეზერაშვილი დააკავშირა, მაშინ რატომ გაახსენდა ოპოზიციას ამ კომისიის შექმნა, მოქმედებს თუ არა დაუშვილი კონკრეტული პირების დავალებით, გამოკვეთს თუ არა კომისია ყოფილი პრემიერის და შს მინისტრის, გიორგი გახარიასა და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის და მისი ოჯახის წევრების შესაძლო პასუხისმგებლობას.

უმრავლესობის დეპუტატები ასევე სვამდნენ შეკითხვას, რატომ არ ელოდებიან უცხო ქვეყნის საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობის შედეგად მიმდინარე გამოძიებას და რომელი პროცესი იქნება უფრო კომპეტენტური, პარლამენტის კომისია თუ რამდენიმე ქვეყნის გამოძიება.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, დაუჯერებელია, რომ ამ კომისიით ოპოზიცია საკუთარი ლიდერების სავარაუდო დანაშაულს გამოიძიებს.


კანონპროექტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიას 3 თვის განმავლობაში საჯაროდ უნდა გამოეკითხა საქმესთან აფილირებული პირები, შეემუშავებინა რეკომენდაციები, გამოექვეყნებინა დასკვნა და საჭიროების შემთხვევაში მოეხდინა რეაგირება.

ავტორები განმარტებით ბარათში აღნიშნავდნენ, რომ საგამოძიებო უწყებების მხრიდან მიმდინარეობს გამოძიება წლების განმავლობაში, თუმცა სამართალდამცავი უწყებების რეაგირება, როგორც მინიმუმ, არაეფექტურია და გამოძიების შედეგად ვერ მოხდა აღნიშნული დანაშაულის სრულყოფილი გამოძიება და პრევენცია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა და ამასთანავე დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების ჯაჭვის უზრუნველყოფა ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების მნიშვნელოვანი ნაწილია და ამის გარეშე რთული იქნება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღება.

ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სავარაუდო ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების ოპერირება და მათ მიერ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეების „გაქურდვა“ უდიდეს ზიანს აყენებს ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას და ასევე კითხვებს აჩენს, რამდენად შესაძლებელია ასეთი მასშტაბის დანაშაულებრივი სქემის ორგანიზება გავლენიანი მფარველებისა და სახელმწიფოს, განსაკუთრებით, სამართალდამცავი უწყებების განზრახ მოქმედებით ან უმოქმედობით ხელშეწყობის გარეშე.

მათივე თქმით, სამართლებრივი და პოლიტიკური რისკების გარდა, აღნიშნული დანაშაულის წლების განმავლობაში განგრძობითად მიმდინარეობა და მასზე შესაძლო არასათანადო რეაგირება მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის საინვესტიციო/ეკონომიკურ კლიმატს.

კანონპროექტის ავტორებს შორის არიან გიორგი გახარიას პარტიის წევრები, უფრაქციო დეპუტატები, „გირჩის“ დეპუტატები, „ლელოსა“ და „რეფორმების ჯგუფის“ წევრები, „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის დეპუტატები. კომისიის შექმნას მხარს უჭერს პარტია „მოქალაქეები“.