საქართველოს პროკურატურაში ე.წ. ქოლცენტრებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა.
პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით, ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ხუთი წევრი დააკავა.
პროკურორის ცნობით, გამოძიებით დადგენილია, რომ დანაშაულებრივი საქმიანობის პერიოდში, ორგანიზებული ჯგუფის წევრები, თაღლითურად დაეუფლნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს და მოახდინეს დანაშაულებრივი გზით მიღებული უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია.
„დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დაფუძნებული საწარმოების ბაზაზე მოაწყვეს ე.წ. ქოლ-ცენტრი. დანაშაულებრივი ჯგუფის სამიზნეს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეები წარმოადგენდნენ.
ე.წ. ქოლ-ცენტრის თანამშრომლები, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, უკავშირდებოდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებს, ეცნობოდნენ გამოგონილი სახელებით, მათი კომპანიის ადგილსამყოფელის შესახებ აწვდიდნენ ყალბ ინფორმაციას და სთავაზობდნენ ფასიანი ქაღალდების, აქციების, სასაქონლო აქტივების, ვალუტების და კრიპტოვალუტების ელექტრონულ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღებას დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ შექმნილი ელექტრონული პლატფორმების გამოყენებით.
ოპერატორები მომხმარებლებს არწმუნებდნენ, რომ მათი დახმარებით ფასების ზრდა-შემცირებაზე ელექტრონული ვაჭრობის შემთხვევაში, შეძლებდნენ სოლიდური მოგების მიღებას. მომხმარებლისგან თანხმობის მიღების შემდგომ, მათგან ელექტრონული ვაჭრობისთვის გამოყოფილი თანხების განთავსება ხდებოდა დანაშაულებრივი ჯგუფის კონტროლის ქვეშ არსებულ საბანკო ანგარიშებზე და მათი ნაწილი ფიქტიური დანიშნულებით, ირიცხებოდა საქართველში, მათივე კომპანიების ანგარიშებზე. აღნიშნული სქემით განხორციელდა თაღლითურად დაუფლებული ათეულობით მილიონი ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
5 დაკავებულის მიმართ გამოძიება თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ბრალდებით მიმდინარეობს.
პროკურორის ცნობით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია კიდევ 17 პირის მიმართ, 1 პირის მიმართ კი მიმდინარეობს საექსტრადაციო პროცედურები.
ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნა ასევე დაწყებულია ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში ჩართული სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის დანაშაულის ორგანიზატორთა მიმართაც, მათ შორის ისრაელის ტერიტორიაზე.