„ქოლგა თბილისი ფოტოს" გამოფენა 7 მარტს გაიხსნება

პუბლიკა

7 მარტს, 19:00 საათზე, არტარეას სივრცეში (დოდო აბაშიძის ქუჩა,10) ქოლგა თბილისი ფოტოს გამოფენა „ახალგაზრდული ნარატივები: სამხრეთ კავკასია ფოკუსში“ გაიხსნება.

ფოტოპროექტები შექმნილია ქოლგას ვიზუალური თხრობის მენტორობის პროგრამის ფარგლებში და ჯამში წარმოდგენილი იქნება 14 ახალბედა, თუმცა გამორჩეული ხედვის მქონე ფოტოგრაფის ნამუშევრები.

გამოფენის „ახალგაზრდული ნარატივები: სამხრეთ კავკასია ფოკუსში“ მთავარი თემებია: იდენტობის ძიება, თაობათა შორის განსხვავებები, მიგრაცია, მენტალური ჯანმრთელობა, სოციალური ტრანსფორმაცია . გამოფენა ერთგვარი პლატფორმაა, რომელიც დამწყები ფოტოგრაფების პერსპექტივას აჩვენებს. ახალგაზრდები თავიანთი პროექტებით და სათქმელით ეჭვქვეშ აყენებენ სხვადასხვა საკითხზე ფესვგადგმულ წარმოდგენებს და ახალი ხედვებისთვის ნიადაგს ქმნიან.

ქოლგას ვიზუალური თხრობის მენტორობის პროგრამა ახალგაზრდებს (მონაწილეები 16-21 ასაკობრივ კატეგორიაში არიან) სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან სთავაზობს შესაძლებლობას შეისწავლონ ფოტოგრაფია, დააგროვონ სრულფასოვანი ცოდნა და ამგვარად განსაზღვრონ მათი პროფესიული მომავალი. დამატებით, პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს კულტურათშორის დიალოგს და დაეხმაროს ფოტოგრაფებს მათ ირგვლივ გარემოს უკეთესობისკენ გარდაქმნაში.

ქოლგას ვიზუალური თხრობის მენტორობის პროგრამა დაფინანსებულია შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ. მენტორობის პროგრამა ორგანიზებულია Chai Khana-სთან, Salaam Cinema Baku-თან, Design Institute-თან, არტარეასთან, ცალკე სივრცესთან და Mirzoyan Library-თან პარტნიორობით.

გამოფენა გაიხსნება 7 მარტს 19:00 საათზე და ღია იქნება ყოველდღე 14:00 საათიდან 18:00 საათამდე. გამოფენა გაგრძელდება 11 მარტის ჩათვლით.