ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ანაკლიის პორტის შესახებ და ხაზარაძე-ჯაფარიძის კრიტიკას ბადრი ჯაფარიძე ეხმაურება. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლის პორტის შესახებ საუბრისას იცრუა და ის, რომ პორტი არ აშენებულა და იქ მძიმე მდგომარეობაა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.
„ალბათ ღარიბაშვილის ქართული ზღაპრების გმირ ქოსატყუილასაც კი შეშურდებოდა, გამომდინარე ტყუილის მასშტაბიდან.
ანაკლიაში იყო ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული, ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში, თავი უნდა შეეწუხებინა პრემიერ-მინისტრს და ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობაზე მიეღო ინფორმაცია. ტყუილია ინფორმაცია, რომელიც მან გააჟღერა, თითქოს ინვესტიცია იყო 25 მილიონი და არა 75.
მეორე დიდი ტყუილი, რომელიც მან თქვა, თითქოს ხაზარაძემ და ჯაფარიძემ განახორციელეს სამი მილიონის ინვესტირება, სინამდვილეში ეს არის 40 მილიონი, რაც ასევე დადასტურებულია იმ დოკუმენტაციით, რომელიც წარდგენილია ეკონომიკის სამინისტროში.
დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს მართლაც დიდი პრობლემა რომ აქვთ, გაპარტახებულია იქაურობა და სრული განუკითხაობაა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელისუფლების და მთავრობის პირდაპირი მიზეზით, რადგან მათ სამი წლის წინ ჩამოართვეს ინვესტორს 75 მილიონი დოლარი, ასეთი რამ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ ყოფილა.
არა მხოლოდ ჩამოართვეს, არამედ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მამუკა ხაზარაძისა და ჩემი დევნა სწორედ იმ მიზნით, რომ ჩვენი რეპუტაცია შელახულიყო“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ჯაფარიძის თქმით, ასევე სიცრუე იყო პრემიერის განცხადება, თითქოს ისინი სახელმწიფოსგან გარანტიას ითხოვდნენ და სანაცვლოდ არაფერს სთავაზობდნენ.
„სინამდვილეში სიმართლე არის შემდეგი – მე მქონდა შეხვედრა ევროკავშირის კომისართან და შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისთვის 50 მილიონი ევროს გარანტიას, ოღონდ, გარანტიას უზრუნველყოფდა, თუ სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონიან გარანტიას და ინვესტორებიც, ანუ ჩვენც უზრუნველვყოფდით 50 მილიონიან გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით, მთავრობამ თქვა უარი.
მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონიანი გარანტიის სანაცვლოდ უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობაც დაეთმო, მათ უარი თქვეს“, – თქვა ჯაფარიძემ.
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ანაკლიის პორტის პროექტის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, ხაზარაძეს და ჯაფარიძეს პორტი მხოლოდ გამდიდრებისთვის უნდოდათ, მას შემდეგ კი, რაც ვერ შეასრულეს ვალდებულებები, გადაწყვიტეს „ქვეყანა გაეძარცვათ“ და არბიტრაჟში იჩივლეს.
ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერი გამოცხადდება, მაგრამ ის სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდება.