ქრთამის აღების საქმეზე სამგორის გამგეობის თანამშრომელი და კიდევ ორი პირი დააკავეს

პუბლიკა

დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს სამგორის გამგეობის საბიუჯეტო-საფინანსო და შესყიდვების განყოფილების უფროსი სპეციალისტი; ასევე, ქრთამის აღებაში დახმარების ბრალდებით დააკავეს მოქალაქე, ქრთამის მიცემის ბრალდებით კი ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ საჯარო მოხელე შუამავალი პირის დახმარებით დიდი ოდენობით ქრთამს იღებდა.

„მან სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე ობიექტის მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და შუამავლის მეშვეობით მიიღო 15 000 ლარი.

ამოძიებით ასევე დადგინდა, რომ 2026 წლის თებერვალში, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ობიექტზე განსახორციელებელი უკანონო მშენებლობის მფარველობის სანაცვლოდ, კომპანიის წარმომადგენელმა იმავე საჯარო მოხელეს, კვლავ შუამავლის მეშვეობით, გადასცა მოთხოვნილი 15 000 ლარი. აღნიშნულ ეპიზოდზე, ქრთამის მიცემის ფაქტზე, დაკავებულია კომპანიის წარმომადგენელი“, – აცხადებს უწყება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 339-ე მუხლის პირველი ნაწილით. დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.