ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ქრთამის აღების ფაქტზე „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომელი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ ის მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გარემოვაჭრეებისგან, კონტროლის ღონისძიებების თაობაზე წინასწარი ინფორმაციის მიწოდების, დაჯარიმებისგან თავის შეკავებისა და ჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების სანაცვლოდ, ხსენებულ გარემოვაჭრეებთან დაკავშირებული პირებისგან ორ კვირაში ერთხელ 3 000 ლარს ითხოვდა.
დაკავებული „თბილსერვის ჯგუფის“ შიდა კონტროლის დეპარტამენტის მუნიციპალიტეტის რაიონული მონიტორინგის სამსახურის მთავარი სპეციალისტი იყო.
„სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეო მტკიცებულება. ბრალდებული დაკავებულია ქრთამის სახით 3000 ლარის აღებისთანავე და ფულადი თანხა ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.