ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და ტექნიკური განყოფილების უფროსი სპეციალისტი დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ საჯარო მოხელემ, თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას, სახელმწიფო შესყიდვის ფარგლებში შედგენილი ფარული სამუშაოების აქტების ხელმოწერით დადასტურების სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოითხოვა და აიღო 500 ლარი.
ბრალდებული უშუალოდ თანხის აღების ფაქტზე დააკავეს, ფულადი თანხა კი ამოღებულია ნივთმტკიცების სახით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.