ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქსავიე ბეტელმა ზოგად საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე „ევროსკოპის“ კითხვის პასუხად თქვა, რომ ქართულმა მხარემ ზუსტად იცის, რა უნდა გააკეთოს ევროკავშირში გაწევრებისთვის.
„ქართველებმა ზუსტად იციან, რა უნდა გააკეთონ. არსებობს წესები, არსებობს კოპენჰაგენის კრიტერიუმები და ისინი უნდა შესრულდეს. საქართველოს მიმართ არ იქნება განსაკუთრებული მიდგომა, ისევე როგორც სხვა არცერთ ქვეყანას არ აქვს განსაკუთრებული პირობები. მე მაქვს დისკუსიები ჩემს ქართველ კოლეგასთან, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ მათ. თუ არ ვესაუბრეთ, რთული იქნება მათი დარწმუნება იმაში, რომ არის საკითხები, რომლებიც ჩვენ არ მოგვწონს“, – თქვა ქსავიე ბეტელმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ვენაში, ეუთოს ბოლო შეხვედრაზე შეხვდა და ესაუბრა მაკა ბოჭორიშვილს.
„ვუთხარი, რა დისკუსიებიც მიმდინარეობდა ქვეყანაში და ის, თუ როგორ მოექცნენ აქციებისა და მომიტინგეებს, რთულად მისაღებია. თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ კომისია თავის სამუშაოს შეასრულებს და საქმის კურსში გვამყოფებს. მაგრამ ისინი არ შეიმუშავებენ სპეციალურ წესებს მხოლოდ საქართველოსთვის, ეს დანამდვილებით ასეა“, – ამბობს ქსავიე ბეტელი.
„ქართული ოცნების“ ანტიდასავლური რიტორიკის, რეპრესიული კანონებისა და 2024 წლის 28 ნოემბერს გამოცხადებული გადაწყვეტილების ფონზე, რომლითაც საქართველომ ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების პროცესი შეაჩერა, ევროკავშირმა „ოცნების“ ხელისუფლებასთან პოლიტიკური და ინსტიტუციური ურთიერთობები შეწყვიტა. ამავე დროს, ევროკავშირს არ შეუწყვეტია სამოქალაქო საზოგადოების და მედიის მხარდაჭერა.