Meta-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, მათ გამოავლინეს არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხოური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.
Meta-ს განცხადებით, მათ წაშალეს 80 Facebook-მომხმარებელი, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram-მომხმარებელი. ქსელი იყენებდა Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ცდილობდა გაეზარდა თავიანთი მასალების გავრცელება, მომხმარებელთა ჩართულობა და პოპულარობა.
Meta-ს ანგარიშის მიხედვით, Facebook-თან ერთად ქსელში იყო ჩართული სამი TikTok-ანგარიშიც, ორი მათგანი კი პოზიციონირებდა, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ანგარიში:
- http://tiktok[.]com/@juurnalistebi
- http://tiktok[.]com/@igaribashvili
- https://www.tiktok[.]com/@irakli4georgia
„ქსელი ფუნქციონირებდა 24 საათის განმავლობაში, რათა გაეზარდა მასალებზე ცნობადობა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერად, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდების და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების გადაზიარების ჩათვლით.
ისინი ასევე ავრცელებდნენ კრიტიკას ოპოზიციის მიმართ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლების დროს, რაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. ეს ქსელი რეალურ დროში მიჰყვებოდა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის შუაღამისასაც კი. ქსელის უკან მყოფი პირები აქვეყნებდნენ მიმებს, ტექსტურ მასალებსა და კომენტარებს, ძირითადად, ქართულ ენაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა მათი კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, – ნათქვამია Meta-ს ანგარიშში.
ასევე Meta-ს განცხადებით, ქსელს 33 500 დოლარი ჰქონდა დახარჯული Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამირებაში.