პლატფორმა „არა-ფობიას” განცხადებას ავრცელებს, სადაც შეშფოთებას გამოთქვამს ქსენოფობიის იმ ტალღის გამო, რომელიც მარნეულში განვითარებულ მოვლენებს მოჰყვა.
„მოვუწოდებთ მედიას, პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი საზოგადოებაში სწორი, ზუსტი და არადისკრიმინაციული ინფორმაციის გავრცელებას, ამასთან აქტიური როლი შეასრულონ ეთნიკურად აზერბაიჯანელი თანამოქალაქეების ინტეგრაციაში”, – აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს მთავრობამ მარნეული და ბოლნისი საკარანტინო ზონად გამოაცახადა, მას შემდეგ, რაც მარნეულში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა. „არა-ფობიას!” განცხადებით, სწორედ აღნიშნული ფაქტის შემდგომ საზოგადოებაში, განსაკუთრებით კი სოციალურ მედიაში, გავრცელდა სიძულვილის ენის შემცველი და დისკრიმინაციის წამახალისებელი განცხადებები ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობის მიმართ.
„ეთნიკური უმცირესობების წინაშე არსებული სისტემური პრობლემების გათვალისწინებით, (ენობრივი ბარიერები, ეთნიკური უმცირესობების ენებზე ინფორმაციის ნაკლებობა, დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობა, ინტეგრაციის დაბალი დონე, ნაკლები პოლიტიკური ჩართულობა და სხვა), ვირუსის გავრცელების შემდეგ გამოვლენილი ქსენოფობიური დამოკიდებულება კიდევ უფრო მეტად აღრმავებს არსებულ გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ გარიყულობას. მიმდინარე მოვლენების ფონზე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო პასუხისმგებლობის გათავისება თითოეული მოქალაქის მხრიდან და საზოგადოებრივი კონსოლიდაციის ხელშეწყობა. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ:
►მედიას, საკუთარი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოახდინოს მათი პლატფორმების სოციალურ გვერდებზე მედიის მომხმარებლის ისეთ კომენტარებზე, რომლებიც ქსენოფობიური შინაარსისაა და კრიზისულ ვითარებაში კიდევ უფრო მეტად ახდენს საზოგადოების დაყოფას და ეთნიკური ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოქალაქეთა დისკრიმინაციას;
► პოლიტიკოსებსა და საჯარო პირებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში;
► სამოქალაქო აქტივისტებს და სხვა ჯგუფებს, სოციალურ მედიაში ქსენოფობიური შინაარსის მასალების აღმოჩენის შემთხვევაში, გაასაჩივრონ ასეთი განცხადებები ფეისბუკის და ტვიტერის საზოგადოებრივი სტანდარტების შესაბამისად”, – წერია განცხადებაში.