ქსკ „ლანჩხუთი“ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალის მეორე მატჩში შვედურ „როსენგარდთან“ კვლავ დამარცხდა და ლიგას გამოეთიშა.
„ლანჩხუთელებმა“ სტუმრად, შვედეთის ქალაქ მალმეში ითამაშეს. მატჩის ორივე ტაიმი მასპინძლების მკვეთრი უპირატესობით წარიმართა.
გურულებმა პირველი ტაიმი ანგარიშით 5-0 დათმეს, შვედებმა მეორე ტაიმშიც 5 ბურთი გაიტანეს და მატჩი საბოლოოდ ანგარიშით – 10-0 დასრულდა. ორი მატჩის ჯამში „ლანჩხუთმა“ „როსენგარდთან“ 17-0 წააგო.
კვლავ აღსანიშნავია „ლანჩხუთის“ მეკარის, თათია გაბუნიას დამსახურება. კარში 28 დარტყმიდან მან 18-ის მოგერიება შეძლო.
„როსენგარდი“ უეფას ქალთა ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გადავიდა და 16 გუნდს შორის იასპარეზებს.
„როსენგარდთან“ დამარცხებამდე, ლანჩხუთმა ჯერ ყაზახური „ოკჟეტპესი“, ხოლო შემდეგ რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ დაამარცხა.
ქსკ „ლანჩხუთი“ პირველი გუნდია ქართული ფეხბურთის ისტორიაში, რომელიც უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში გავიდა.
აღსანიშნავია, რომ შვედური „როსენგარდი“ 1970 წელს დაფუძნებული გუნდია და არსებობის 50-წლიანი ისტორია აქვს. „როსენგარდის“ 6 ფეხბურთელი შვედეთის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობს. ნაკრები რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, არის ევროპის 1984 წლის ჩემპიონი და მსოფლიოს 2003 წლის ვიცე-ჩემპიონი.
შედარებისთვის, საქართველოში ქალთა შორის რეგულარული ჩემპიონატი მეხუთე წელია ტარდება.