ქსკ „ლანჩხუთის“ მწვრთნელი გიორგი ჩხაიძე ქალთა ეროვნულ ნაკრებს უხელმძღვანელებს

პუბლიკა

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს, გიორგი ჩხაიძე უხელმძღვანელებს. ინფორმაციას ეროვნული ნაკრების ვებგვერდი ავრცელებს.

გიორგი ჩხაიძე, საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლევან ბაჯელიძეს შეცვლის. გიორგი ჩხაიძის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს. მატჩები მიმდინარე წლის 13 სექტემბრიდან, 2022 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება.

მისი ხელმძღვანელობით, საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი პირველი ქართული კლუბი გახდა, რომელმაც უეფა-ს 2020/21 წლის სეზონის ქალთა ჩემპიონთა ლიგის ფინალურ ეტაპზე იასპარეზა.

გიორგი ჩხაიძე ქალთა საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთში“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2018 წელს მუშაობდა. ერთწლიანი პაუზის შემდეგ კი, მშობლიური ქალაქის ქალთა კლუბს უკვე 2020 წელს დაუბრუნდა და საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი ხელმძღვანელობით „ლანჩხუთი“ ევროპის საუკეთესო 32 კლუბს შორის მოხვდა. გიორგი ჩხაიძესთან ერთად, ქალთა საფეხბურთო კლუბი ლანჩხუთი საქართველოს ჩემპიონატში ორჯერ დაეუფლა ვერცხლის მედლებს.