აქტიურად უნდა გავიდეთ გარეთ აცრის მობილური ბრიგადებით - გაბუნია

პუბლიკა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სახელმწიფო მუშაობს აცრის მობილური ბრიგადების გააქტიურებაზე, რათა მოქალაქეებს დროის უქონლობის ან გეოგრაფიული და სხვა ბარიერის გამო აცრაზე უარის თქმა არ მოუწიოთ.

„დღეს ვართ უკვე იმ სტადიაში, როდესაც სულ მცირე 1 დოზით აცრილი პირების რაოდენობა დაახლოებით მილიონს აღწევს. ახლა უკვე მეტი არის იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შესაძლებელია რაღაც მიზეზის გამო –  ფიზიკური ბარიერი, ტრანსპორტის სირთულე, ჯანმრთელობის მდგომარეობა – ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტა, რომ აიცრას. ასეთ შემთხვევაში უკვე დადგა ის მომენტი, რომ მეტად აქტიურად უნდა გავიდეთ გარეთ მობილური ბრიგადებით, იქნება ეს სოფლად თუ საუნივერსიტეტო ან ბიზნესგარემოში, და დავეხმაროთ ამ ადამიანებს, რომ უდროობის ან გეოგრაფიული ბარიერის გამო აღარ თქვან უარი აცრაზე.

ჩვენ ამაზე მუშაობა დაწყებული გვაქვს და ვფიქრობ, მომდევნო კვირიდან მეტი გამსვლელი ბრიგადა იმუშავებს“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.