ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა - ღარიბაშვილი

პუბლიკა

„ყველა მოძალადე დაჭერილია”, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე – რატომ არ აკავებს პოლიცია ძალადობის ორგანიზატორებს? – საუბარია 5-6 ივლისის მოვლენებზე, პრემიერმა უპასუხა:

„სახელმწიფო იყო მოძალადე თქვენი ხელისუფლების დროს, თქვენ წარმოადგენთ „ნაცმოძრაობას”. სააკაშვილის დროს სახელმწიფო იყო მოძალადე, როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა”, – ამბობს ღარიბაშვილი.


5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებული „ღირსების მარშის“ წინააღმდეგ რუსთაველის გამზირზე ჰომოფობიური, მოძალადე ჯგუფები შეიკრიბნენ. ისინი თავს დაესხნენ ჟურნალისტებს, რის შედეგადაც დაშავდა 53 მათგანი. რამდენიმეს დასჭირდა ოპერაციული ჩარევა.

შსს-ს ცნობით, 5-6 ივლისს გამართული აქციების მიმდინარეობის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 პირი.