საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, დღეს პროცესამდე აცნობეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ფარულობის დარღვევის შესახებ შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება.
„ფარულობის დარღვევის საქმეების განხილვის განრიგი მოულოდნელად შეიცვალა. დღეს ჩანიშნული სხდომები გვქონდა როგორც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, ასევე – თბილისის სააპელაციო სასამართლოში. გუშინ ეს საქმეები სხვადასხვა მოსამართლეებს და შესაბამისად, სხვადასხვა შემადგენლობებს დაეწერათ. დღეს, პროცესების დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, გვითხრეს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შესული ყველა საჩივარი ერთ საქმედ გაერთიანდება.
თუ ეს საქმეები ცალ-ცალკე დარჩებოდა, მათი განხილვა მოსამართლეთა სხვადასხვა შემადგენლობებს მოუწევდათ, ალბათობა, რომ რომელიმე განსხვავებულ აზრს დაწერდა ან თეთრიწყაროს პრეცედენტს გაიზიარებდა, ასეთ ვითარებაში მეტი იყო.
როგორც ჩანს, თეთრიწყაროს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, სასამართლოს მენეჯმენტი სხვაგვარად დალაგდა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოსგან ჯერ ველოდებით ინფორმაციის დადასტურებას, ერთიანდება თუ არა აღმოსავლეთ საქართველოს ყველა საარჩევნო დავაც ერთ საქმედ”, – აცხადებს ქურდოვანიძე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაერთიანებული საქმე 16:00 საათზე დაიწყება – მანამდე ქუთაისში 11:00 საათსა და 14:00 საათზე უნდა განხილულიყო საიას საქმეები ბათუმისა და ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ, ასევე, ხონის, ვანისა და სამტრედიის საოლქო საარჩევნო კომისიების წინააღმდეგ.
ამასთან, ქუთაისის სააპელაციოში დღეს უნდა განხილულიყო „ჩემი ხმის” საქმეც, თუმცა როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, დღეს 15:00 საათის ნაცვლად, სასამართლოში 16:00 საათზე დაიბარეს.